21 დეკემბერი 2024,   17:08
ვრცლად
ხელვაჩაურის სოფელ ქვედა ჯოჭში მეწყერის ქვეშ მოყოლილ 5 ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ

ხელვაჩაურის სოფელ ქვედა ჯოჭში მეწყერის ქვეშ მოყოლილ 5 ადამიანს უკვე 11 საათია უშედეგოდ ეძებენ. სამძებრო სამუშაოებს ხელს უხვი ნალექი უშლის. დაკარგულებს შორის ერთი არასრულწლოვანია. უხვი ნალექით გამოწვეულმა მეწყერმა საცხოვრებელი სახლი წაიღო, რომელშიც ოჯახის სამი წევრი, იმყოფებოდა.

ასევე, მიწის მასამ გზაზე მდგომი მანქანა მოიყოლა, სადაც სტუმრად მყოფი ორი ახალგაზრდა იჯდა.

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, ჯუმბერ ბათაძის ინფორმაციით, თვითმხილველებმა დაინახეს, რომ მანქანაში მჯდომმა ერთმა მგზავრმა გადმოხტომა მოასწრო, მეორე კი მანქანასთან ერთად წყალში გადავარდა. 

"5 ადამიანია ჩაყოლილი. ამათგან 2 სტუმარია, 3 კი ადგილობრივი მცხოვრები. მათ შორის, სავარაუდოდ, არასრულწლოვანიც არის. როგორც ადასტურებენ მხილველები, როცა მანქანა მოდიოდა, სანამ გადავარდებოდა წყალში ერთი მგზავრი გადმოხტა, ხოლო მეორემ ვერ მოასწრო გადმოხტომა და გადავარდა მანქანასთან ერთად წყალში. სამუშაოები გაგრძელდება მანამდე, სანამ არ იქნება ნაპოვნი ჩაყოლილი ადამიანები,"-განაცხადა ჯუმბერ ბითაძემ.

მაშველებმა მდინარე სატეხიიდან ამოიტანეს ერთი ავტომობილი. მასში ადამიანები არ იმყოფებოდნენ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ ადგილობრივ მაშველებს სხვადასხვა რეგიონებიდან კოლეგები სამუშაოების წარმოებაში დაეხმარებათ.

"მეწყრული პროცესების შედეგად არის ერთი სახლი ხევში ჩატანილი, სადაც სავარაუდოდ იმყოფებოდნენ ადამიანები. სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება დილამდე, რომ მაქსიმალურად მალე შევძლოთ ამ ადამიანების პოვნა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაეხმარება შესაბამისი კოლეგები სხვადასხვა რეგიონებიდან, შესაბამისად, როგორც ცოცხალია, ასევე ტექნიკის სრული ძალა იქნება მობილიზებული,"-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ზოგადად, აჭარის რეგიონში უამინდობის გამო რთული ვითარებაა - დაიტბორა სახლები, სარდაფები და ქუჩები, სადაც რთულია გადაადგილება. აჭარაში შექმნილი სიტუაციის გამო იმერეთიდან, სამეგრელოდან და თბილისიდან დამატებითი სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მობილიზება ხდება.

დღის ამბები