17 ნოემბერი 2024,   19:48
ვრცლად
რეგიონში ესკალაციის დაწყებისთანავე დროებით შევაჩერეთ ნებართვების გაცემა სამხედრო ტვირთების გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით - ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო მზადაა, აზერბაიჯანისა და სომხეთს შორის კონფლიქტის მოგვარების მიზნით მხარეებს თბილისში უმასპინძლოს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონში სამხედრო მოქმედებების გამო საქართველომ დროებითი შეზღუდვა დააწესა ორივე ქვეყნის მიმართულებით სამხედრო ტვირთის გადაზიდვის თაობაზე. 

ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა, სამოქალაქო საერო სატვირთო გადაზიდვების მიზნებისათვის რაიმე სახის შეზღუდვები არ დაწესებულა და ის ისეთივე ინტენსივობით ხორციელდება. 

"ქართველი მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას ხელი შეუწყოს ვითარების განმუხტვას. მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში დიალოგის გამართვის მიზნით კონფლიქტის მხარეების წარმომადგენლებთან შეხვედრას უმასპინძლოს თბილისში. ქართული მხარე წლების განმავლობაში ზედმიწევნით ასრულებდა და ასრულებს საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის მეზობელი ქვეყნების, აზერბაიჯანის და სომხეთის მიმართ. კერძოდ, საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია მნიშვნელოვანი ფაქტორია ორივე ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის რაც, ბუნებრივია, საქართველოს ინტერესებშიც არის. დღესაც საქართველოს გავლით ტრანზიტის რეჟიმში საერთაშორისო გადაზიდვები შეუფერხებლად და უსაფრთხოდ ხორციელდება ნებისმიერი, მათ შორის აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით. გადაზიდვების ინტენსივობა მაღალია და აღნიშნული მაჩვენებელი არ შეცვლილა სამხედრო კონფლიქტის განახლების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ კონფლიქტის გამწვავების მომენტიდან საქართველოს მიერ სამოქალაქო საერო სატვირთო გადაზიდვების მიზნებისათვის რაიმე სახის შეზღუდვები არ დაწესებულა და არც დაწესდება. ამასთან, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო საქართველოს მთავრობამ ესკალაციას დაწყებისთანავე დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით. ამის თაობაზე მხარეები ინფორმირებულები იყვნენ.

ჩვენი საერთო ინტერესია სწრაფად შეწყდეს სამხედრო დაპირისპირება და რეგიონში აღდგეს მშვიდობა,"-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. 

დღის ამბები