დანაშაული აღიარებულია, სასჯელი შეფარდებული, თუმცა მთავარ კითხვაზე პასუხი ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო წერილშიც არ იძებნება. საიდან დააგროვა მილიონობით ლარის ღირებულების პირადი ქონება, რომლის უკანონობაზეც აღიარებითი ჩვენება გამოძიებას უკვე მისცა? - პასუხს, მსჯავრდებულისგან, უმრავლესობის ლიდერი ითხოვს. ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში წერს, რომ ღარიბაშვილის მცდელობა, "ქართული ოცნების" წარმატება საკუთარ მიღწევად წარმოაჩინოს, ძალიან ჰგავს მიხეილ სააკაშვილის გზას, რომელიც, ქართველი ხალხის ძარცვის მიუხედავად, თავს უდანაშაულოდ და ქვეყნის აღმშენებლად აცხადებს. ახლა კი ღარიბაშვილი მოქმედებს სააკაშვილის მსგავსად, რომელიც, უმრავლესობის ლიდერის თქმით, ინტერპრეტირებული და უკიდურესად სუბიექტური წერილებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
კორუფციაში მხილებულმა, ციხიდან გავრცელებულ მორიგ წერილში ბევრი ისაუბრა საკუთარ თავზე, მისი პრემიერობის პერიოდსა და წარმატებაზე - პოლიტიკური, ეკონომიკური, თუ საერთაშორისო მიმართულებით, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - ცდილობდა საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ ქვეყანა მხოლოდ მისი დამსახურებით და თან, სწრაფი ტემპით განვითარდა.
ღარიბაშვილის მოქმედება, რიტორიკა და მიზანი - საკუთარი თავი გამოაცხადოს ყველა წარმატების ავტორად, "ქართული ოცნების" შეფასებით, ისეთივე აბსურდულია, როგორც სააკაშვილის განცხადებები. მსჯავრდებულს ურჩევენ, შეეშვას ტყუილებსა და უსაფუძვლო წერილების წერას, რომლითაც მხოლოდ საკუთარ თავს იზიანებს.
ოპოზიციაში კი ამტკიცებენ, რომ ღარიბაშვილი არა საკუთარი თავის დაზიანებით, არამედ პოლიტიკური რეაბილიტაციითაა დაკავებული და მხოლოდ საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პოლიტიკური მემუარებით, საზოგადოების ყურადღების გადატანა, მსჯავრდებულს არც ამჯერად გამოუვა. არც გაქცევა პასუხისმგებლობისგან, რომ საზოგადოებას აუხსნას - საიდან დააგროვა, არაკანონიერი გზით, მილიონობით ლარის პირადი ქონება.
აღიარებულ კორუფციულ დანაშაულზე ირაკლი ღარიბაშვილი 5-წლიან სასჯელს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის, თუმცა ის ბრალდებულია კიდევ ერთ საქმეზე. საუბარია ქართული ჯარისთვის 7 მილიონამდე ლარის ზარალის მიყენებისა და დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე.
დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, მსჯავრდებულს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.