ცვლილებები ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების მექანიზმში - ამ საკითხზე საუბარი ევროპულ მედიაში ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება. ევროპული მედია, შიდა წყაროებზე დაყრდნობით, წერს, რომ ევროსტრუქტურების ხელმძღვანელები ძალიან მალე გააჟღერებენ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც წევრ ქვეყნებს ვეტოს უფლება აღარ ექნებათ, რაც ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხების კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტას ნიშნავს.
თუ პროცესი ასე წარმიმართა, ეს ევროკავშირის დასასრულის დასაწყისი იქნება - ასეთია ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია. ლევან მახაშვილის თქმით, ევროპელი ბიუროკრატების გადაწყვეტილება გაერთიანების სადამფუძნებლო პრინციპებს ეწინააღმდეგება და ქვეყნებს შორის თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებულ წესებს არღვევს.
ცვლილება, რომელიც თანაბარუფლებიანობას ევროპულ გაერთიანებაში ფაქტობრივად დაასრულებს, უაპელაციოდ მისაღებია ქართული ოპოზიციისთვის. მათი თქმით, კავშირის მესვეურებმა წევრ ქვეყნებზე უკეთ იციან, როგორ უფრო ეფექტური და სწრაფი იქნება გადაწყვეტილებები, რომელიც ყველამ ერთხმად არ უნდა მიიღოს, თუმცა უნდა შეასრულოს.
ოპონენტების პოზიცია არ უკვირთ მმართველ გუნდში. ამბობენ, რომ ოპოზიცია მზადაა, ნებისმიერ იმ გადაწყვეტილებას დაუჭიროს მხარი, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტისთვის საფრთხის შემცველი იქნება. საპარლამენტო უმრავლესობაში ევროპულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, როგორც ევროკავშირის წევრი, ისე ასპირანტი ქვეყნებისთვის დამაზიანებლად მიიჩნევენ.
შეცვლის თუ არა ვეტოს მინიჭების წესს ევროკავშირი - ამ კითხვაზე საბოლოო პასუხი ურსულა ფონ დე ლაიენმა უნდა გასცეს. თემაზე აქტიური საუბარი, რამდენიმე თვის წინ, ევროკომისარმა მარტა კოსმა მაშინ დაიწყო, როდესაც უკრაინისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი ეტაპის გახსნა განიხილებოდა.