საუდის არაბეთი, ტაბუკის აეროპორტი, Flydubai-ს რეისის დუბაიდან თელ-ავივში მიმავალი ბოინგის 180-მდე მგზავრი, მხიარული შეძახილებით, ტაშით და სიმღერებით, მიწაზე უვნებლად დაშვებას აღნიშნავს... თუმცა, ტაბუკის აეროპორტში ჩამოფრენამდე, რამდენიმე წუთით ადრე, Boeing 737 MAx-ის ბორტზე განსხვავებული ვითარება იყო - ბორტზე პანიკა მას შემდეგ დაიწყო, როცა ფრენის დაწყებიდან დაახლოებით ორი საათისა და თხუთმეტი წუთის გასვლის შემდეგ, თვითმფრინავმა, მოულოდნელად, სწრაფი დაშვება დაიწყო და ერთ წუთში ხომალდი დაახლოებით 5 000 მეტრით ქვემოთ დაეშვა.
მომდევნო ერთი საათის განმავლობაში, ხომალდმა ვერ შეძლო სტაბილური სიმაღლის შენარჩუნება, თუმცა დაახლოებით 15 000 ფუტის სიმაღლეზე დარჩა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ მას ხელით მართავდნენ და არა ავტოპილოტით.
ჯერჯერობით დაუდასტურებელი, თუმცა მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, მეორე მფრინავმა, რომელიც ომანის მოქალაქეა, დანით დაჭრა ბორტის კაპიტანი და შემდეგ თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, თუმცა ამ ჩანაფიქრის განხორციელებაში მას დაჭრილმა პილოტმა და სხვა მგზავრებმა შეუშალეს ხელი.
ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, ყვირილისა და ჩხუბის ხმაზე პირველ რიგებში მსხდომი ისრაელელი მგზავრები კაბინაში შევარდნენ თავდამსხმელი პილოტი დააკავეს და სავარძელზე დააბეს.
ინციდენტის დროს სერიოზულად დაშავდა დანით დაჭრილი მთავარი მფრინავი, რომელსაც ბორტზე მყოფმა მგზავრებმა პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და გადაარჩინეს. გავრცელდა ფოტოები, სადაც ეკიპაჟის ის წევრები ჩანან, რომელთა ტანსაცმელზე სისხლის კვალია. თვითმფრინავი საუდის არაბეთში უსაფრთხოდ ისრაელელმა პილოტებმა დასვეს, რომლებიც ბორტზე მგზავრის სტატუსით იმყოფებოდნენ და სამოქალაქო ტანსაცმლით მგზავრობდნენ.
მომხდარს ოფიციალური მიმართვით გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი. ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ყველა შესაბამისი ორგანო ახლა მგზავრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
ებრაულ მედიაში იწერება, რომ "მოსადი," ისრაელის თავდაცვის ძალები და ტრანსპორტის სამინისტრო ჩართულნი არიან Flydubai-სთან დაკავშირებული ინციდენტის გამოძიებაში. მომხდარი სულ უფრო მეტად ჰგავს ეკიპაჟის წევრის მიერ თვითმფრინავის ჩამოგდების განზრახ მცდელობას. ისრაელში სულ უფრო მყარდება ვერსია, რომ დუბაიდან თელ-ავივში მიმავალი Flydubai-ის რეისზე მომხდარი საგანგებო სიტუაცია ტერორისტული თავდასხმის მცდელობა იყო.