ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას არასამართლიანად მიიჩნევენ. მათ წარადგინეს ვიდეოკადრები, სადაც მათივე თქმით, პოლიციის განყოფილებაში ლუკა სირაძის მიმართ ზეწოლა არ დასტურდება.
როგორც ადვოკატები ამბობენ, პოლიციის განყოფილებაში გარდაცვლილს ძმასთან კონფლიქტი მოუვიდა, ასევე, დედის მიერ ლუკას მიმართ დისკრიმინაციის ფაქტსაც ჰქონდა ადგილი.
გარდა ამისა ჩოლოიანის ინტერესების დამცველების თქმით, სისხლის ექსპერტიზით დადგინდა, რომ სირაძე ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
"როდესაც იგი გადმოვარდა მრავალკორპუსიან საცხოვრებელი ადგილიდან, სისხლზე ჩატარდა ნარკოლოგიური ექსპერტიზა და დადგინდა, რომ იგი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო.
ლუკა სირაძეს, გარდაცვლილ ახალგაზრდას, რომელიც იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში, სატელეფონო საუბარი ჰქონდა საკუთარ ძმასთან და საკუთარი ძმა განმარტავს, რომ იგი ეჩხუბა ტელეფონით იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მისი გაკეთებულია ეს და უნდა ეღიარებინა.
ასევე, ფაქტია ის გარემოება, რომ გარკვეული სახის დისკრიმინაცია სწორედ დედის მხრიდან ხდებოდა, სამწუხაროდ, გარდაცვლილი ახალგაზრდის მიმართ," - განაცხადა მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა.