შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი 3 პირი: 1975 წელს დაბადებული დ.ქ., 1979 წელს დაბადებული მ.ჯ., 1980 წელს დაბადებული ზ.შ. და 1990 წელს დაბადებული ლ.გ., ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი, 1991 წელს დაბადებული თემურ შუბითიძე მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, კუთვნილი ავტომობილით ზემო ფონიჭალა-მარნეულის გზატკეცილზე მოძრაობდა, რა დროსაც მის ავტომანქანას უკანა მხრიდან მიზანმიმართულად შეაჯახეს "ოპელის" მარკის ავტომობილი, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ. მათ თემურ შუბითიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაშავებული თემურ შუბითიძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, სადაც მას დაუდგინდა სახის ძვლების მრავლობითი ფრაგმენტული მოტეხილობა და ჩაუტარდა გადაუდებელი, სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები დააკავეს,"- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაზარალებული თემურ შუბითიძე საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. მისი განცხადებით, დაპირისპირება არავისთან ჰქონია. ის ადასტურებს, რომ თავდამსხმელი ოპელის მარკის ავტომობილით იყო. როგორც ტავად აღნიშნავს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შსს-მ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.