23 აპრილი 2024,   10:11
ვრცლად
ვალერიან ნემსიწვერიძეს მკვლელი ჯერაც არ დაუკავებიათ - "კურიერის" ინფორმაციით, დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავჭალაში მოკლული 41 წლის მამაკაცის საქმის გახსნაზე უკვე მე-4 დღეა მუშაობს. "კურიერის" ინფორმაციით, ვალერიან ნემსიწვერიძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე იდენტიფიცირებულია და პოლიცია მის დაკავებას ცდილობს.

გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი, გამოძიების​ ინტერესებიდან გამომდინარე, საქმის დეტალებზე არ საუბრობს. ნიკოლოზ წულეისკირი მომხდართან დაკავშირებით გავრცელებულ ყველა ვერსიას უარყოფს და მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ მსხვერპლი და სავარაუდო დამნაშავე ერთმანეთს ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე შეხვდნენ. 

"70-მდე ნივთმტკიცებაა ამოღებული. წარმოგიდგენიათ?! 70-მდე ნივთმტკიცება დალუქულია, ერთი გამომძიებელი კი არა, რამდენიმე გამომძიებელი დღეს და ღამეს ასწორებს, რომ აღნიშნული საქმე უახლოეს მომავალში გაიხსნას. ამ ნივთმტკიცებებს სჭირდება ექსპერტიზები, ხელის ნიმუშების, კვალის, ერთ დღეში ხომ არ ხდება ეს ყველაფერი. გამოძიების ინტერესებიდან ვამბობ, გინდაც იარაღთან დაკავშირებით. წარმოიდგინეთ, წინა დღეს იმყოფებოდნენ კახეთში, მეუღლესთან, ოჯახში იმყოფებოდნენ. მანქანა არის მეუღლის. ის მანქანა, რომლითაც ყოველთვის სამი არასრულწლოვანი ბავშვი მოძრაობს. მეუღლემ თვითონ გაასუფთავა ის მანქანა, ამიტომ, იარაღზე საუბარი სრულიად აბსურდულია.

განვაცხადე, რომ მაღაზიის გახსნას აპირებდნენ და ეს პიროვნება ზუსტად მაგიტომ წამოვიდა. მანდაც რომ გაიარა, ყიდულობდნენ რაღაც მასალებს და სწორედ ამით იყო დაკავებული,"- განაცხადა ნიკოლოზ წულეისკირმა. 

შეგახსენებთ, რომ 23 ოქტომბერს დღის 2 საათისთვის ვალერიან ნემსიწვერიძეს საკუთარ მანქანაში რამდენჯერმე ესროლეს. დამნაშავემ მიმალვა შეძლო და მის დასაკავებლად სამუშაოები ისევ გრძელდება. საზოგადოებისთვის უცნობია ძებნილის ვინაობა და დანაშაულის მოტივი.

ამასთან, როგორც ცნობილი გახდა, ვალერიან ნემსიწვერიძე 2004 წლის 13 მაისს პარლამენტის დეპუტატის, კახა გიუშვილის მიმართ შეიარაღებული თავდასხმის საქმეში იყო ბრალდებული. მასთან ერთად საქმეში ფიგურირებდა დავით მინდაძე, რომელიც თბილისის საოლქო სასამართლომ დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოში მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარებაში ცნო, ნემსიწვერიძეს კი მკვლელობის დაგეგმა ბრალდებოდა.

გარდა ამისა, ნემსიწვერიძეს ბრალი ედებოდა ბანკის აქტივების მითვისებაშიც.

დღის ამბები