17 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
ვერსია ესებუასთან დაკავშირებით საკმაოდ დამაჯერებელია, მაგრამ ჯერჯერობით ის ისევ ვერსიაა - გიგი უგულავა

დაუშვა თუ არა შეცდომა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასშტაბური სპეცოპერაციის დროს - დამნაშავის გაქცევაზე ოპოზიცია პასუხისმგებლობას შს მინისტრს აკისრებს.

ოპოზიციის წევრების თქმით, გამოძიებას ნდობა არ აქვს.

რაც შეეხება სავარაუდო ძებნილს ბადრი ესებუას, ოპოზიციის შეფასებით, ჯერჯერობით მხოლოდ ვერსიად რჩება.

"ვერსია ესებუასთან დაკავშირებით საკმაოდ დამაჯერებელია, მაგრამ ჯერჯერობით ის ისევ ვერსიაა, მაგრამ ერთი რამ არის უტყუარი ფაქტი და ეს შსს-ს გუშინდელი განცხადებიდან ჩანდა, რომ შსს არის დაბნეული, განცხადება იყო აბსოლუტური არაპროფერსიონალიზმი, ანომალია. ნდობა გამოძიების მიმართ არის ნული და შესაბამისად, ამიტომ არის, რომ ამდენი პარალელური გამოძიება და საზოგადოებრივი და ჟურნალისტური გამოძიებები მიმდინარეობს. გამოძიება არაფერს, თავისთავად, არ იძიებს და მისი ყოველი ქმედების მიმართ არის აბსოლუტური უნდობლობა საზოგადოებრივი," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ. 

"წლების განმავლობაში ისეთ ტექნიკურ საშუალებების შესყიდვას გვთხოვდნენ ბიუჯეტის საშუალებით, რომელიც იძლევა საშუალებას, ადვილად დევნა განახორციელო კონკრეტულ დამნაშავეებზე. არცერთი მათგანი არ იყო როგორც ჩანს გამოყენებული. ეს არის თავიდან ბოლომდე ჩავარდნა," - აღნიშნა პარლამენტის საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსიდან" ლევან გოგიჩაიშვილმა.

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით დღის ორი საათისთვის შეიჭრა. ბანკის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს იარაღით დაემუქრა და მუხლებზე დაჩოქება უბრძანა. იყო რამდენიმე გასროლაც. ბოროტმოქმედმა მოგვიანებით, 500 000 ამერიკული დოლარი და თვითმფრინავით ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია მოითხოვა.

ბანკში მყოფების ნაწილმა თავს გაქცევით უშველა, 19 პირი კი ტყვეობაში დარჩა. ადგილზე მყოფი ერთ-ერთი მძევალი მედიას პერიოდულად ეკონტაქტებოდა. რამდენიმე საათიანი სპეცოპერაციის მიმდინარეობისას, ბოროტმოქმედმა მძევლების გარკვეული რაოდენობა თავად გაათავისუფლა.

მოგვიანებით კი, ნიღბიანმა შეიარაღებულმა პიროვნებამ ტერიტორია სამ მძევალთან ერთად დატოვა. ერთ-ერთი მათგანი სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა იყო. სწორედ გალდავა აწარმოებდა შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს და თავდამსხმელის მიერ მოთხოვნილი თანხაც ბანკში გალდავამ მიიტანა. ამ დროისთვის ყველა მძევალი უსაფრთხოდ არის, თავდამსხმელმა კი მიმალვა შეძლო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით - 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.

დღის ამბები