ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მიიჩნევს, რომ მანდატების შეჩერებაზე განაცხადი პოლიტიკური შეთანხმების საკითხზე კარის დახურვა იყო. დიპლომატი მიიჩნევს, რომ მხარეები, დაახლოების ნაცვლად, კიდევ უფრო შორდებიან.
"მინდა შევაჯამო ამ კვირის განმავლობაში მომხდარი პოლიტიკური მოვლენები. ამ კვირაში მოხდა ორი რამ : პარტიებმა მანდატების შეჩერებაზე შეიტანეს განაცხადი, რაც, ჩემი აზრით, შეთანხმების საკითხზე კარის დახურვა იყო, შეთანხმებაზე, რის მიღწევაზეც ვიბრძოდი და კიდევ ვაგრძელებ ბრძოლას.
ამის შემდეგ მოხდა 2 კანონის ინიცირება, რეგისტრაციის მოხსნისა და პარტიების დაფინასების შესახებ. ვფიქრობ, ეს ინიციატივები არ დაეხმარება პროცესს. სიმართლე გითხრათ, გარკვეულ შეშფოთებასაც იწვევს.
ზოგადად, რეგისტრაციის მოხსნა, რომელიც მიმართულია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მიმართ, ყოველთვის კითხვებს ბადებს. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა, როგორც ჩანს, კანონის მიღებას ახლავს გარკვეული განზრახვები.
რაც შეეხება პარტიების დაფინანსება - ამას ფართო განხილვები სჭირდება, შეიძლება, ზოგიერთებისთვის არსებობდეს ლოგიკა, რომ,თუ არ მონაწილეობს საპარლამენტო ცხოვრებაში და არ იღებს პროცესებში პასუხისმგებლობას, რატომ უნდა მიიღოს დაფინანსება. ამაზე უფრო დიდი არგუმენტი არის ის, რომ უნდა დავფიქრდეთ, თუ რას ნიშნავს პოლიტიკური პარტია დემოკრატიისთვის და რომ პარტია პარლამენტში მხოლოდ სივრცის შესავსებად არ არის. ამ ქვეყანაში იყო ისეთი კანონები რომლებიც ნაკლებ ბარიერს ქმნიდა პარტიების დასაფინანსებლად და პარლამენტში მოსახვედრად. ეს აღიარებული ფაქტია. პლურალისტური დემოკრატიის ნაწილია, რომ პოლიტიკურ პარტიებს, ვისაც აქვს ამბიცია, მოხვდეს პარლამენტში, ან წარმოადგენდეს საკუთარ ამომრჩეველს საკანონმდებლო ორგანოს გარეთ. ვფიქრობ, ეს კანონი საჭიროებს მსჯელობას .
ახლა ის დროა, განსხვავებული მხარეები ფოკუსირდნენ ერთ საკითხზე მოლაპარაკების მაგიდასთან. ეს მაწუხებს მე, ეს უფრო მნიშვნელოვანია ახლა, ვიდრე სხვა დანარჩენი.
ჩემი, როგორც ფასილიტატორის აზრია, რომ მხარეები ამ ქმედებებით უფრო შორდებიან, ვიდრე უახლოვდებიან და ეს ხდება მაშინ, როცა დრო იწურება. მე მოვუწოდებ ყველას, ეს დრო გამოიყენონ კარგი შედეგის მისაღწევად. ჩვენ მზად ვართ მათ დასახმარებლად. ვითარება სერიოზულია.
რაც მახარებს, არის ის, რომ ყველა მხარეს შორის არის მზაობა, მაგრამ ყველა მხარემ უნდა გადაწყვიტოს, თუ რაზე ისაუბრებს და როგორ მიაღწევენ შეთანხმებას.
მეხუთე რაუნდამდე უნდა მივიდეთ. ფასილიტატორები ვფიქრობთ, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. წინასწარი მოლოდინები არ მაქვს. რაც მოხდა, ეს პარტიების პოზიციებს ერთმანეთს უფრო აშორებს.
რევოლუციური ნარატივი არ დაეხმარება პროცესს , ამის მხარდაჭერა ჩვენგან ვერ იქნება . ქუჩის პროტესტი და აზრის გამოხატვა დემონსტრაციის გზით და თუკი ის მშვიდობიანია, მისაღებია. იმედი მაქვს, პროტესტი არ ჩააანაცვლებს მოლაპარაკებების პროცესს. დიალოგისთვის ყველაზე დამაზიანებელი არის ნდობის არარსებობა.
არ ვიცი, როდის იქნება მეხუთე რაუნდი, შეიძლება ხვალ, ან - შემდეგ კვირას," - აცხადებს კარლ ჰარცელ