26 აპრილი 2024,   19:33
ვრცლად
საქართველოს ოთხივე მილიონმა ადამიანმა რომ გაიკეთოს აცრა, ალერგიის განვითარების რისკი იქნება 20 შემთხვევაში - ბიძინა კულუმბეგოვი

კორონავირუსის ვაქცინაციით გამოწვეული შესაძლო ალერგიულ რეაქციებზე და ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის უწყების მიერ შემუშავებულ პროტოკოლზე "დღის კურიერის" ეთერში ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ისაუბრა.

მისი თქმით, პროტოკოლი, ამ ეტაპზე, მორგებულია "ფაიზერისა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინების მონაცემებზე, თუმცა პროცესში სხვა ვაქცინების ჩართვის შემთხვევაში, პროტოკოლიც შესაბამისად ჩასწორდება.

ბიძინა კულუმბეგოვმა ალერგიული შემთხვევების სავარაუდო რაოდენობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 4 მილიონ მოსახლეზე პოტენციურად შეიძლება იყოს მხოლოდ 20 შემთხვევა:

"რაც შეეხება იმ ვაქცინებს, რომლებიც რეალურად დღეს მსოფლიოში გამოიყენება, ჩვენი იმპლიმენტაციური პროტოკოლი მორგებულია ისეთ ვაქცინებს, როგორიცაა "ფაიზერი" და "ასტრაზენეკა", სადაც უკვე გამოცდილება დაგროვდა და შესაბამისად, ჩვენ ვიცით, რეაქციათა მოლოდინი რა უნდა გვქონდეს და რამდენი შეიძლება იყოს. თეორიულ დაშვებას ვამბობ, საქართველოს მოსახლეობამ ოთხივე მილიონმა ადამიანმა რომ გაიკეთოს აცრა, პოტენციური რისკი, რომ ალერგია განვითარდეს, ეს იქნება 20 შემთხვევა. ამიტომ, არ უნდა შევშინდეთ ჩვენ ამით, ეს არ უნდა იყოს ბარიერი. თუ გაგვიჩნდება სხვა ვაქცინები, უკვე იქაც დაგროვდება ინფორმაცია, პროტოკოლი ღიაა და იქ ჩასწორდება. ამ ეტაპზე, პროტოკოლი მორგებულია "ფაიზერსა" და "ასტრაზენეკაზე"," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

დღის ამბები