ამ წუთებში საქალაქო სასამართლო ბიზნესმენ დავით კოდუას აღმკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. პროკურატურა ითხოვს, რომ ცოლზე და შვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ბიზნესმენს წინასწარი პატიმრობა შეეფარდოს. დაცვა კი ირწმუნება, რომ არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება.
ადვოკატის მუხრან ღუწკაიას განცხადებით, სასამართლომ დავით კოდუა აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დატოვოს.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს, მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში. საქმეში არ არის არცერთი მტკიცებულება, რაც ამას დაადასტურებს. დაზარალებულების პოზიცია ყველასთვის ცნობილია, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია. მხოლოდ და მხოლოდ იყო ოჯახში სიტყვიერი დაპირისპირება და მეტი სხვა არაფერი არ ყოფილა. მტკიცებულებები მის საწინააღმდეგო საქმეში არ დევს და დაცვის მხარე ითხოვს, რომ ის აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დარჩეს," - განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეეხება დავით კოდუას დედას, ლაურა ღაჭავას თქმით, მისი შვილი ბრალს არ აღიარებს და მომხდარი შემთხვევა გაუგებრობაა.
"ერთი ოჯახი გვაქვს. არასოდეს არ ყოფილა მათ შორის ბზარი და უსიამოვნება. არაჩვეულებრივი მამა და მეუღლეა. რა მოხდა, რა გაუგებრობა, წარმოუდგენელია. პატრული გამოიძახეს, შეეშინდათ. მიდოდა კომენდანტის საათის დროს გარეთ და უნდოდათ, რომ ამით შეეშინებინათ და გადაიზარდა ასეთ საკითხზე და დათო აიყვანეს. დღეს ჩემთვის ძალიან ძნელია ამ საკითხზე საუბარი, დედის მხრიდან, ძალიან მიჭირს. ჩემი შვილი არ აღიარებს, არანაირი მსგავსი არ ყოფილა," - აღნიშნა ლაურა ღაჭავამ.