02 მაისი 2024,   09:25
ვრცლად
ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, რომან პროტასევიჩს დონბასში ხალხის მკვლელობისთვის სიკვდილით დასჯა ემუქრება

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ კომენტარი გააკეთა სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ტელეგრამ-არხ NEXTA-ს ყოფილი მთავარი რედაქტორის რომან პროტასევიჩის წინააღმდეგაა აღძრული თვითგამოცხადებულ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში და დაეთანხმა ლუგანსკის საოკუპაციო რეჟიმის მოთხოვნას, რომ ისინი დაკავებულთან შეხვედრაზე დაუშვან, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად. 

ლუკაშენკოს თქმით, ექსპერიმენტის ჩატარებას არანაირად ხელს არ შეუშლიან. ამის შესახებ დოჟდი წერს.

"არსებობს ნიუანსი, დონბასში ამ პირების მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მე ამის შესახებ შევახსენე პრეზიდენტ პუტინს და ვუთხარი, რომ თუ კითხვები აქვთ მათთან, ჩვენ თანახმა ვართ, დაუსვან ეს კითხვები. იმიტომ, რომ ისინი დონბასში ადამიანებს კლავდნენ. პროტასევიჩი თვითმფრინავში ყვიროდა, რომ მას სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა, ჩვენი ჟურნალისტები კი ხსნიდნენ, რომ ჩვენთან ამ მუხლზე სიკვდილით დასჯა არაა, არამედ 15 წელი. მან იცოდა, რასაც საუბრობდა. მას ესმოდა, რომ იქ, სამხრეთ- აღმოსავლეთ უკრაინაში მას შეიძლება წაუყენონ პრეტენზიები, ეს კი სულ სხვა სიტუაციაა," - განაცხადა ლუკაშენკომ ბელარუსის მთავრობის წევრებთან შეხვედრისას.

უკრაინის ოკუპირებული რეგიონის - ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის პროკურატურა იძიებს პროტასევიჩის შესაძლო მონაწილეობას აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ბრძოლებში, ბატალიონ "აზოვის" რიგებში. გასულ დღეებში უწყებაში განაცხადეს, რომ დადგენილია პროტასევიჩის მონაწილეობა დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებაში.

პოტასევიჩის ოჯახი ამ ბრალდებას უარყოფს, მისი მამა აცხადებს, რომ ის დონბასში როგორც ჟურნალისტი, ისე იმყოფებოდა. იგივეს ადასტურებს ბატალიონ აზოვის ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრ ბილეცკიც.

პროტასევიჩი და მისი მეგობარი გოგო 23 მაისს დააკავეს მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა იძულებით მინსკში დასვეს, მიზეზად კი ბორტზე არსებული ბომბის შესახებ შეტყობინება დასახელდა. პროტასევიჩს ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებას ედავება და ტერორისტების სიაში ჰყავს შეყვანილი, NEXTA კი ექსტრემისტულ ტელეგრამ-არხად არის მიჩნეული.

დღის ამბები