17 მაისი 2024,   07:03
ვრცლად
"აქციის მონაწილეები იყენებენ გაურკვეველი წარმოშობის ისეთ მხუთავ აირებსა და გაზებს, რომლებიც არცერთ ღია ქსელურ მაღაზიაში არ იყიდება - აუცილებლად დავინტერესდებით და გავარკვევთ" - შსს

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, აქციის დასაშლელად, სამართალდამცველებმა რეზინის ტყვიები გამოიყენეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო. საგანგებო ბრიფინგზე ალექსანდრე დარახველიძემ განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს რეზინის ტყვიების გამოყენების სრული უფლება ჰქონდათ, ეს არ მომხდარა.

პოლიცია პარლამენტის შენობაზე თავდასხმის მოსაგერიებლად იყენებდა წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზსა და წიწაკის სპრეის - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები იყენებენ გაურკვეველი წარმოშობის მხუთავ აირსა და გაზს.

"საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვაცხადოთ, რომ პოლიცია პარლამენტის შენობაზე თავდასხმის მოსაგერიებლად იყენებს კანონით დადგენილ სპეციალურ საშუალებებს, კერძოს წყლის ჭავლს, ცრემლსადენს გაზსა და წიწაკის სპრეის. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ სრული საკანონმდებლო საფუძველი ჰქონდათ, არ გამოუყენებიათ რეზინის ტყვიები. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აქცია არის ძალადობრივი ხასიათის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ განუხორციელებია აქციის შეწყვეტისთვის საჭირო ღონისძიებები, კერძოდ - რობოკოპების მეშვეობით ტერიტორიის გაწმენდა.

საზოგადოება კარგად ხედავს, რომ აქციის მონაწილეები იყენებენ სხვადასხვა საგანს, მათ შორის - გაურკვეველი წარმოშობის ისეთ მხუთავ აირებსა და გაზებს, რომლებიც არცერთ ღია ქსელურ მაღაზიაში არ იყიდება და საიდან მოხვდა მათ ხელში, ძალიან საინტერესოა. ამით აუცილებლად დავინტერესდებით და გავარკვევთ, როგორ მოხვდა ამ ადამიანების ხელში ეს საშუალებები. შესაბამისად, ჩვენის მხრიდან იქნა კანონით გათვალისწინებული სპეცსაშუალება გამოყენებული. ასე რომ, კატეგორიულად უარვყოფთ და ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ ამ ეტაპის მდგომარეობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს არცერთ თანამშრომელს რეზინის ტყვია არ გამოუყენებია,“ - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.

დღის ამბები