ყვარლის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთხელ მოსულმა სეტყვამ ზიანი მიაყენა სოფელ შაქრიანის სასოფლო - სამეურნეო სავარგულებს. ძლიერი ქარმა სოფელ გრემში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.
ასევე, სეტყვის შედეგად ზიანი მიადგა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულს, სადაც წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით, 70 ჰა სასოფლო - სამეურნეო მიწის ფართობი დაისეტყვა.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაზარალებული სოფლების მოსახლეობას შეხვდა.
აღსანიშნავია, რომ 26 აგვისტოს მოსული სეტყვის შედეგად დაზიანებული მოსავლის 90% სოფელ შაქრიანის ფერმერებს, ამ დროისთვის, უკვე ჩაბარებული აქვთ. ირაკლი შიოშვილმა დაზარალებულ ფერმერებს მთავრობის დახმარება აღუთქვა.