28 ოქტომბერი 2026,   10:41
ვრცლად
"პროკურორის არჩევის წესის კანონპროექტის ჩაგდება ქვეყანას ეკონომიკურად და პოლიტიკურად ძვირად დაუჯდება" - ოპოზიცია "ოცნებას" აკრიტიკებს

პარლამენტის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების განცხადებებს ეხმაურებიან ოპოზიციასა და მმართველ გუნდში.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ უმრავლესობის მიერ პროკურორის არჩევის წესის კანონპროექტის ჩაგდება ქვეყანას ძვირად დაუჯდება.

"ქართული ოცნების ამგვარ ქცევას და გაშვებულ შესაძლებლობებს, ვერ ექნება კარგი დასასრული საქართველოსთვის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ რაც "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა ბოლო დროს, როდესაც დაკარგა 300 მილიონი, ამით მან ბევრად უფრო მეტი დაკარგა, ვიდრე არის მხოლოდ ერთი ფისკალური დახმარება. ეს ყველაფერი "ქართულ ოცნებას" და სახელმწიფოს დაუჯდება ძალიან ძვირი ფასი, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით," - აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გრიგოლ გეგელია. 

მმართველ გუნდში პარლამენტის მიერ გუშინ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ლეგიტიმურად, ოპოზიციის კრიტიკა კი დაუმსახურებლად მიაჩნიათ. პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი აცხადებს, რომ პროკურორის არჩევის წესის კანონპროექტის ჩაგდებასთან დაკავშირებით უმრავლესობას ლეგიტიმური არგუმენტაცია ჰქონდა. 

"ვისურვებდი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და ევროკავშირის საელჩოს განცხადებები დაწყებულიყო იმ მნიშვნელოვანი ფაქტების აღნიშვნით, რაც ჩვენი მხრიდან რეფორმების განხორციელებას ეხება. რაც შეეხება კრიტიკას გენერალური პროკურორის დანიშვნასთან დაკავშირებით, ჩვენ ობიექტური და ლეგიტიმური არგუმენტაცია გვქონდა ამ პუნქტის არ შესრულებასთან მიმართებით," - აცხადებს ნინო წილოსანი.

საქართველოში აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენელი კარლ ჰარცელმა გუშინ პარლამენტის მიერ განხორციელებული და ჩაგდებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ განცხადებები გაავრცელეს. დიპლომატიური უწყების განცხადებით, დღეს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება, რომელიც მიზნად ისახავდა მთავარი პროკურორის დანიშვნისთვის ფართო, მრავალპარტიულ მხარდაჭერას, კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობაა, საქართველოს ჰქონდეს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა.

დღის ამბები