26 აპრილი 2024,   13:46
ვრცლად
"მეოთხე ბრაიტონი" - ფილმი, რომელიც 2022 წელს საქართველოს სახელით "ოსკარზე" საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში წარდგება

"მეოთხე ბრაიტონი" არის ფილმი, რომელიც 2022 წელს "ოსკარზე" საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში საქართველოს სახელით წარადგინეს. ფილმმა უკვე არაერთხელ მოიპოვა აღიარება და მიიღო პრიზები სხვადასხვა ფესტივალზე, მათ შორის გუშინ ლოს-ანჯელესში, აზიური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა. ამ ეტაპზე რეჟისორი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად სარეკლამო კამპანიაშია ჩართული. "მეოთხე ბრაიტონის" დიდი ნაწილი ნიუ-იორკშია გადაღებული.

ოსკარამდე მიმავალ გზაზე "მეოთხე ბრაიტონმა" უკვე მოიპოვა ჯილდოები ტრაიბეკის და კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალებზე. გუშინ კი უკვე ლოს-ანჯელესში აზიური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა.

წელს "ოსკარზე“ წარდგენილი ფილმებიდან საქართველოს კანდიდატი ფილმი სპეციალურმა კომისიამ ფარული კენჭისყრით გამოავლინა. "მეოთხე ბრაიტონი“ამაღელვებელ ისტორიას ქართველი მოჭიდავის – კახის შესახებ გვიყვება, რომელიც ბრუკლინში ჩადის, რათა შვილს აზარტული თამაშების ვალის გადახდაში დაეხმაროს.

ფილმში კახის როლს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონატის ხუთგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი, ლევან თედიაშვილი ასრულებს.

ერთ-ერთ მთავარ როლშია, ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე. ფილმის დამდგმელი ოპერატორია ფედონ პაპამიქაელი, რომელიც ორჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, როგორც საუკეთესო კინოოპერატორი.

"მეოთხე ბრაიტონი" რამდენიმე ქვეყნის კოპროდუქციაა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ფილმს ჰყავს ამერიკელი პროდიუსერი, რომელიც საკუთარი გამოცდილების წყალობით შემოქმედებით ჯგუფს ოსკარის მოსამზადებელი კამპანიის სწორად დაგეგმვაშიც ეხმარება.

საქართველომ ოსკარის დაჯილდოებაზე "ჯილდო საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის“ კატეგორიაში სულ 15 ფილმი წარადგინა. 

ამერიკის კინოაკადემიის 94-ე დაჯილდოება, ტრადიციულად დოლბის თეატრში გაიმართება, წელს ზამთრის ოლიმპიური თამაშების გამო შეიცვალა თარიღი და 2022 წლის ოსკარი 27 მარტს გაიმართება. დეკემბერში კი უკვე ცნობილი გახდება, მოხვდა თუ არა მეოთხე ბრაიტონი ოსკარის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში.

დღის ამბები