პოლიტიკური სპექტრი მსჯელობს - ვინ შეცვლის ეკატერინე ტიკარაძეს. განცხადებები კეთდება წასვლის მიზეზებზეც, ჯანდაცვის უკვე ყოფილმა მინისტრმა გადაწყვეტილების კონკრეტულ მოტივებზე საუბარი არ ისურვა, დეპუტატები კი მხოლოდ ვერსიებს განიხილავენ.
ოპოზიცია კვლავ ტიკარაძის კომპეტენციას აკრიტიკებს, "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ კოალიციური მმართველობის პირობებში ეკატერინე ტიკარაძის მსგავსი კადრი ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ვერ მოხვდებოდა:
"კოალიციური მმართველობა რომ ყოფილიყო საქართველოში, პირველ რიგში ტიკარაძისნაირი კადრი ვერ დაიკავებდა ისეთ მნიშვნელოვან თანამდებობას, როგორიცაა ჯანდაცვის მინისტრი და თუ დაიკავებდა, აქამდე მას საკუთარი ნებით კი არა, კოალიციური ხელისუფლება გაუშვებდა," - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი ვარაუდობს, რომ მთავრობაში არსებული აზრთასხვადასხვაობა გაცილებით უფრო დიდია ვიდრე მხოლოდ მწვანე პასპორტის საკითხი
სერიოზულ მიზეზებს ვარაუდობს პარტია "საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილიც:
"მინისტრთა კაბინეტის ახლანდელი ხელმძღვანელის პირობებში ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები ჩვენ არ უნდა გამოვრიცხოთ. განსაკუთრებით იმ ფონზე, რასაც სახელმწიფო დღეს ქმნის," - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.
განსხვავებული მოსაზრება აქვთ მმართველ პარტიაში. ქართული ოცნების წევრები შიდა დაპირისპირებას უარყოფენ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ეკატერინე ტიკარაძის წასვლის მიზეზებსა და დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ ეს შესაძლოა მძიმე სამუშაო გარემოებების და რეჟიმის მიზეზით იყოს:
"როცა ასეთი მდგომარეობაა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ურთულესი მდგომარეობა შექმნილი საქართველოში და მსოფლიოში, რასაკვირველია ეს არის გარემოებები, რომელიც სერიოზულად გადაძაბავს ნებისმიერ ადამიანს. დეტალებთან დაკავშირებით, თუკი ქალბატონი ეკა არ ამბობს, მეც თავს შევიკავებდი ჩემი შეხედულების გამოხატვისაგან, თუმცა არაფერი ისეთი არ ხდება, მინისტრები იცვლებიან, მთავრობები იცვლებიან, ნებისმიერი ჩვენთაგანი შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
დაპირისპირებას უარყოფს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეც:
"დისკუსიები მთავრობის შიგნით, მთავრობასა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის და ასე შემდეგ - ეს მუდმივად მიმდინარე პროცესია და ამაში ნამდვილად არაფერია თვალშისაცემი და განსაკუთრებული. რაიმე ისეთ ინფორმაციას, რომ ისეთ ხარისხს მიაღწია კონფლიქტმა ან დაპირისპირებამ არა, მაგრამ აზრთასახვადასხვაობამ, რომელიც შეიძლება ყოფილიყო მაპროვოცირებელი გადადგომისა, მე ამის თაობაზე ინფორმაციას არ ვფლობ და ვერ დაგიდასტურებთ," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.