3D ფორმატში წარმოდგენილი, აფხაზეთის ანტიკური ეპოქისა და საბჭოთა პერიოდის მონუმენტური ხელოვნების ნიმუშები - მუზეუმ HOLOSEUM- ში, დღეს აფხაზეთის კულტურის სამინისტროს ეგიდით, "აფხაზეთის მოზაიკის იმერსიული პროექციის ჩვენება“ გაიმართება.
საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებელს ქართველი მხატვრებისა და მოქანდაკეებს ნამუშევრების ხილვა შეუძლია.
აფხაზეთი მდიდარია ანტიკური ეპოქისა და ასევე საბჭოთა პერიოდის მონუმენტური ხელოვნების ძალიან საინტერესო ნიმუშებით, მოზაიკური კომპოზიციებით და პანოებით.
"აფხაზეთის მოზაიკის იმერსიული პროექციის ჩვენება" კი, მიზნად ისახავს აფხაზეთის მოზაიკის ნიმუშების დაცვის, შენახვისა და პოპულარიზაციის მიზნით, მათ თავმოყრას და საზოგადოებისთვის 3D ფორმატში წარდგენას.
მუზეუმ HOLOSEUM- ში ჩვენებაზე წარმოდგენილი იქნება ცნობილი ქართველი მხატვრისა და მოქანდაკის ზურაბ წერეთლის (ბიჭვინთის დასასვენებელი სახლის ეზო - "თევზები", "ნატვრის ხე", "მზე", "ფრინველები" და სხვ.), მხატვრების - ზაზა ციციშვილის, გიორგი ჩახავას, ნოდარ მალაზონიასა და ზურაბ კაპანაძის (ავტობუსის გაჩერებები ახალ ათონში, ალახაძეში, გაგრასა და ბზიფის გზატკეცილზე, შენობების ფასადები, "მზის საათი ძველი გაგრის სანაპიროზე" და სხვ.) მოზაიკური კომპოზიციები და პანოები აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე.
თემა აქტუალურია იმ თვალსაზრისით, რომ ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზე, საქართველოს იურისდიქცია დროებით არ ვრცელდება და როგორც სხვა ყველაფერზე, ისე აფხაზეთის მოზაიკის მონახულება, დაცვაზე ხელი არ მიგვიწვდება, ხოლო შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და გამოქვეყნება პრობლემურია.