სენაკის საკრებულომ თავმჯდომარე მე-8 ცდითაც ვერ აირჩია. სხდომას "ქართული ოცნება" დღესაც არ დაესწრო, შესაბამისად, კვორუმი ვერ შედგა. ამ საკითხის გარდა, დღეს დისკუსიის საგანი გიორგი გახარიას პარტიის ერთი წევრისთვის უფლებამოსილების ცნობა იყო.
"ქართულ ოცნებას" მოვუწოდებ შეეგუოს იმას, რომ სენაკის საკრებულოში მათ ხალხმა მანდატი არ მისცა. საკრებულო ძალიან მალე დაიწყებს ფუნქციონირებას იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც სენაკის მუნიციპალიტეტში დაგროვდა წლების განმავლობაში,"- აცხადებს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლაშა კუჭავა.
"ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ დღეს სენაკში საკრებულოს არალეგიტიმური შემადგენლობა აირჩა.
"დღეს ვიხილეთ გარკვეული პოლიტიკური პერფორმანსი და სენაკში არალეგიტიმური საკრებულოს შემადგენლობა მივიღეთ. საკრებულოს აპარატმა მათ მიუთითა, რომ ეს სხდომა არაუფლებამოსილი იყო, თუმცა მათ შოუ დადგეს,"- აღნიშნავს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოპკრატიული საქართველოს” წევრი საბა ოდიშარია.
სენაკის საკრებულოს სულ 33 დეპუტატი ჰყავს. მათგან "ქართული ოცნების" 16, "ნაციონალური მოძრაობის" 13 და პარტია "საქართველოსთვის" 4 წევრი. უცნობია, როდის მოხერხდება საკრებულოში კონკრეტული გადაწყვეტილებებისთვის საჭირო დეპუტატების მობილიზება.