18 დეკემბერი 2024,   23:15
ვრცლად
დავესწრები კენჭისყრას, მაინტერესებს ის კოლეგები, რომლებიც მხარს დაუჭერენ პოლიტიკური დევნის გაგრძელებას - ბადრი ჯაფარიძე მანდატის გაუქმებაზე

რამდენი კანონმდებელი დარჩება მეათე მოწვევის პარლამენტში ეს დღეს გაირკვევა. საკანონმდებლო ორგანომ სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი უნდა განიხილოს.

წინასწარ ცნობილია, რომ უმრავლესობა ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის საკითხს მხარს დაუჭერს.

"მგონი 90-იანი წლების დასაწტყისის ისტორია მეორდება, ასე შემიწყვიტეს უფლებამოსილება. ჩვენ ვართ მშვიდად და მტკიცედ. მე დავესწრები კენჭისყრას სასესიო დარბაზში და ამის შემდეგ ვისაუბრებ სამომავლო გეგმებზე. მე მაინტერესებს ის კოლეგები, რომლებიც მხარს დაუჭერენ ამ უსამართლო პოლიტიკური დევნის გაგრძელებას,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე. 

პროცესის პარალელურად "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი, დღეს, ოპოზიციური პარტიების მიერ ჩახსნილი პროპორციული სიების აღდგენა მოითხოვა.

"მთავარი მიზანი, რის გამოც "ქართული ოცნება" ჩადის ამ წვრილმან თაღლითობას და ქურდობას, არის ის, რომ მათ ეშინიათ საგამოძიებო კომისიის. ის რაც გააკეთეს, მართლაც უსუსურობის გამოვლინებაა. აღადგინონ პროპორციული სიები - ეს მისცემს საქართველოს მოსახლეობას საშუალება, რომ ყველა პარტია მანდატით იყოს წარმოდგენილი პარლამენტში,"- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე. 

მმართველ გუნდში, მანდატების გაუქმების საჭიროებამდე მისვლის გადაწყვეტილებას, ოპოზიციას აბრალებენ და მათ კიდევ ერთხელ მიუთითებენ რეგლამენტს ჩახედონ:

"არავის დაუძალებია არც ნათელაშვილისთვის, არც ჯაფარიძის და ხოშტარიასთვის, რომ მათ სამართალდარღვევები ჩაედინათ. ნათელაშვილი და ხოშტარია არ დადიოდნენ სხდომებზე დღეს კი, ასე უტიფრად აცხადებენ, რომ თითქოს ჩვენ ვუწყვეტთ მათ უფლებამოსილებას. მათ კარგად უნდ ჩაიხედონ რეგლამენტში. ახლა უნდათ ეს ისრები ჩვენსკენ შემოატრიალონ, მაგრამ არავინ დაუჯერებს, ვინაიდან ეს მათი შეცდომა იყო,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები