21 დეკემბერი 2024,   19:44
ვრცლად
"მინდა დავარღვიო დუმილი და მოგაწოდოთ უტყუარი ინფორმაცია" - მოკლული ნიკა კვარაცხელიას დედის წერილი

ვაკეში მოკლული ნიკა კვარაცხელიას დედა მორიგ წერილს ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ მკვლელობაში ბრალდებულებს მიცემული აქვთ აღიარებითი ჩვენება ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის შესახებ, თუმცა ბრალდებულების ოჯახი და ადვოკატები მათ თავის დაღწევის მიზნით არ აძლევენ საშუალებას, რომ მკვლელებმა საზოგადოების წინაშეც აღიარონ.

"18 თებერვალს სასამართლო პროცესია, მინდა დავარღვიო დუმილი და მოგაწოდოთ უტყუარი ინფორმაცია, რომელიც არა მარტო ჩვენმა ოჯახმა, არამედ ბევრმა ადამიანმა იცის, რომ გიორგი კავილაძეს აქვს აღიარებული დანაშაული, მას დეტალურად აქვს აღწერილი დანაშაულის მომზადების ყველა დეტალი და დასახელებული ჰყავს დამკვეთიც, დამხმარეც და საკუთარ როლზეც ბევრი აქვს ნათქვამი. ეს იყო ძალიან დიდი ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული, როგორც მისი აღიარებითი ჩვენებიდან ვიცით.

სამი უღირსი ადვოკატი და ოჯახები ჯგუფური დანაშაულიდან თავის დაღწევის მიზნით არ აძლევს საშუალებას, რომ მკვლელებმა საზოგადოების წინაშე აღიარონ ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული. კაველაძეებმა ერთხელ უკვე მსგავსი მეთოდით დაიხსნეს შვილი დანაშაულიდან. ღმერთმა არ ქნას, რომ ამ რამდენიმე ადამიანს გადაჰყვეს ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულება.

საბრალოებო, ჩვენი რწმენა და მიმტევებლობა, ძალიან ცუდად გამოიყენეთ და ვერ გათვალეთ, რომ ამ ქვეყანაში არის კანონი, რომლის წინაშეც, მორწმუნეც და ურწმუნოც თანასწორია. ჯგუფურს მარტო კაველაძე და ჭელიძე კი არა სხვა ახალგაზრდებიც ვერ დააღწევენ თავს.

ნათია ჯაფარაშვილს და თეკლე გავაშელიშვილს პირადად მოგმართავთ, ჩვენ დიდხანს ველოდით თქვენგან და ეჭვადაც არ გვქონდა, რომ თქვენ პირიქით ადამიანურ სახეს შეინარჩუნებდით და იმ შემზარავი კადრების, ტერორისტული აქტის ხილვის მერე, რომელიც თქვენმა შვილებმა განახორციელეს და რომელიც მთელმა ქვეყანამ იხილა, თავად მოითხოვდით შვილების დასჯას, თქვენ კი ძვირადღირებული ადვოკატები აუყვანეთ და მათთან ერთად ფულზე ჰყიდით სინდისს", - ნათქვამია წერილში.

შეგახსენებთ, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 21 წლის ნიკა კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს.

დღის ამბები