06 ნოემბერი 2026,   22:22
ვრცლად
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ბუდაპეშტი კიევის ევროგაერთიანებაში შესვლას არ დათანხმდება - ომში მყოფი ქვეყანა, როგორც ევროკავშირისგან, ასევე NATO-სგან უსაფრთხოების მყარ გარანტიებს ითხოვს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ღიად ამბობს, რომ ბუდაპეშტი კიევის ევროგაერთიანებაში შესვლას არ დათანხმდება, ვიდრე ომში მყოფი ქვეყანა იმ გზას სრულად არ გაივლის, რაც 27-ვე წევრმა ქვეყანამ გაიარა. ანიტა ორბანის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანება, პოლიტიკური მოტივებით ვერ მოხდება, რადგან მიზნის მიღწევის ერთადერთი გზა დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია.

მაშინ, როდესაც გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნები ამბობენ, რომ კიევი ვერ გახდება ევროგაერთიანების წევრი, ვიდრე ომი არ დასრულდება და ეკონომიკას არ აღადგენს, ევრობიუროკრატები საპირისპიროს მტკიცებას განაგრძობენ. ღია კარი, რომელიც უსასრულო პროცესს ემსგავსება, თბილისში ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. მმართველი გუნდი ბრიუსელის მხრიდან იმ ცრუ ნარატივებსა და ომის მხარდაჭერის პოლიტიკაზე, საუბრობს რამაც ევროკავშირის მშვიდობის პროექტი ჩაანაცვლა.

ოპოზიციაში კი ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლს უგულებელყოფენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის გაწევრიანება-არ გაწევრიანების საკითხი ბრიუსელის გადასაწყვეტია. ეს მაშინ, როდესაც ევროგაერთიანების დოქტრინაში პირდაპირ წერია, რომ ახალი ქვეყნის შემოერთების საკითხს მხოლოდ და მხოლოდ წევრი ქვეყნები წყვეტენ.

უსამართლო დამოკიდებულებას რომ ევროკავშირთან ერთად NATO-ც იჩენს, ამაზე საუბრობენ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლები იხსენებენ უკრაინაში ომის საწყის ეტაპს, როდესაც კიევი და მოსკოვი სამშვიდობო შეთანხმებასთან ყველაზე ახლოს იყვნენ, თუმცა პროცესი ბორის ჯონსონმა შეაჩერა. მაშინ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და სხვა დასავლელი ლიდერები უკრაინას უმტკიცებდნენ, რომ თუ ქვეყანა ბოლო ჯარისკაცამდე იბრძოლებდა ის ევროკავშირისა და NATO-ს წევრი გახდებოდა. პირობა დაირღვა, წევრობის ნაცვლად კი ქაღალდზე მხოლოდ ტერმინი "ღია კარი" დარჩა.

უკრაინაში ომი 2022 წლის თებერვალში დაიწყო. რუსული აგრესიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სწორედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ მისწრაფება იყო. მას შემდეგ ომში მყოფი ქვეყანა, როგორც ევროკავშირისგან, ასევე NATO-სგან უსაფრთხოების მყარ გარანტიებს მოითხოვს. მოთხოვნა კი მხოლოდ მოთხოვნად რჩება, რადგან ორივე გაერთიანება კიევის მიღებაზე ამ დრომდე მხოლოდ პირობებს დებს, ქმედით ნაბიჯებს კი ისევ არ დგამს.

დღის ამბები