ისტორიული ვიზიტი, რომლითაც ოფიციალურ თბილისსა და პეკინს შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის - საქართველო ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტს მასპინძლობს. ხან ჭენგი საქართველოში დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. მაღალი დონის სტუმრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქვეყნის პირველი დიპლომატი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.
პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა პრემიერ მინისტრთან გამართა. 1 საათი და არაერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ორი ქვეყნის დღის წესრიგში დგას. ეკონომიკა, ვაჭრობა, პოლიტიკა, კულტურა სტრატეგიული პარტნიორობა და ამ პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება. ხან ჭენგის თქმით, უკვე არსებობს ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობების გარანტი გახდება.
34 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობა და 3 წლიანი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც წელს ახალ დონეზე გადავიდა და ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებით გაგრძელდა- სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა საქართველოს მთავრობის მეთაურმა. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო ჩინეთისთვის ეკონომიკური თუ ბიზნეს კუთხით სანდრო პარტნიორად რჩება. განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როცა ქვეყანა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მთავარი სატრანზიტო თუ სავაჭრო დერეფანია და სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობით, საერთაშორისო ეკონომიკური კავშირების განვითარებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.
მთავრობის ადმინისტრაციიდან დელეგაციის წევრებმა ორბელიანების სასახლეში გადაინაცვლეს. მაღალი დონის სტუმრებს საქართველოს პრეზიდენტმა უმასპინძლა. მხარეებმა ყურადღება გრძელვადიან პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებზე გაამახვილეს. პრეზიდენტმა ხან ჭენგს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და და კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის პოზიცია "ერთი ჩინეთის პრინციპის" მიმართ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩინეთის ვიცე პრეზიდენტმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერიც გააკეთა.
ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო რომ ჩინეთისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორი ხდება - ამას ქვეყნის პირველი დიპლომატის თქმით, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტიც ადასტურებს. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობის გაძლიერება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვისაც.
საქართველოს მთავრობის მეთაურთან და პრეზიდენტთან გამართული შეხვედრების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტს დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. პრემიერ მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ ის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
ავტორი: ნანა გოგატაძე.