06 ნოემბერი 2026,   22:46
ვრცლად
ისტორიული შენობების დაცვა, გამოწვევების დაძლევა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარემოს შექმნა და შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობა - თეატრების რეაბილიტაცია გრძელდება

თითქმის ორსაუკუნოვანი ისტორიული შენობა, განახლებული ინფრასტრუქტურა და ახალი სამოქმედო გეგმა - ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრი განვითარების ახალ ეტაპზეა. შენობა რეაბილიტაციის შემდეგ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სცენით, დარბაზითა და საგრიმიოროებითაა აღჭურვილი.

თოჯინების თეატრის შემდეგ, კულტურის მინისტრი ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ თეატრს ესტუმრა. მაია ბითაძე ისტორიულ შენობაში მიმდინარე სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

1969 წელს გახსნილი თეატრი მაყურებელს პირველად ზაქარია ფალიაშვილის ოპერით "აბესალომ და ეთერი" შეხვდა. დაარსებიდან დღემდე ის ქართული საოპერო ხელოვნების განვითარებასა და ეროვნული მუსიკალური მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ემსახურება.

კულტურის მინისტრმა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია თეატრის დირექტორისგან მოისმინა. თეატრის უნიკალური კომპლექსი ავარიულ მდგომარეობაშია და მასშტაბურ რეაბილიტაციას საჭიროებს.

ისტორიული შენობების დაცვა, არსებული გამოწვევების დაძლევა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარემოს შექმნა და შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობა - სწორედ ამ საკითხებს დაეთმო კულტურის მინისტრის ვიზიტი ქუთაისში.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი. 

დღის ამბები