22 ნოემბერი 2024,   22:21
ვრცლად
რაც დღეს უკრაინაში ხდება, არის რუსეთის იმპერიული პოლიტიკის განხორციელების მცდელობა, როგორც ეს იყო 2008 წელს საქართველოში - უკრაინის რადას სპიკერი

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა Al Jazeera-სთან საუბრისას, რუსეთის სამხედრო აგრესიაზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ყველაფერი, რაც დღეს უკრაინაში ხდება, არის რუსეთის იმპერიული პოლიტიკის განხორციელების მცდელობა ევროპის ტერიტორიებზე, როგორც ეს იყო 2008 წელს საქართველოში:

"ამჟამად უკრაინის არმია ისევე როგორც უკრაინელი ხალხი იცავს თავის ქვეყანას, მიწას, თავისუფლებას და დამოუკიდებლობას.  ყველაფერი, რაც დღეს უკრაინაში ხდება, არის რუსეთის იმპერიული პოლიტიკის განხორციელების მცდელობა ევროპის ტერიტორიებზე - ყველაფერი ისე, როგორც ეს იყო 2008 წელს საქართველოში.  რუსები ურცხვად იყენებენ წინა სცენარებს. უბრალოდ გაიხსენეთ, როგორ გაანადგურა რუსულმა არმიამ ქალაქები სირიასა და ლიბიაში," - განაცხადა სტეფანჩუკმა.

მისი თქმით, უკრაინელი ხალხი არასოდეს დანებდება და ყოველთვის წინააღმდეგობას გაუწევს, ამასთან მზადყოფნას აცხადებს დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის თუმცა ასახელებს წითელ ხაზებს, რომლის გადაკვეთასაც უკრაინა არ აპირებს.

"ჩვენ სრულად მზად ვართ დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის, თუმცა არის გარკვეული წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთას არ დავუშვებთ. ეს ძირითადად ეხება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის საკითხებს," - აღნიშნა სტეფანჩუკმა და ხაზი გაუსვა ცის ჩაკეტვისა და მკაცრი სანქციების მნიშვნელობას.

"უბრალოდ არ მესმის მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილების უწყვეტი დისკურსები. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი ომი უკვე ზღვარზეა. რუსეთი ახორციელებს ოპერაციებს ევროკავშირისა და ნატოს წინააღმდეგ. უბრალოდ იფიქრეთ იმ თვითმფრინავებზე და დრონებზე, რომლებიც რუმინეთში გაუჩინარდნენ და ხორვატიაში ჩამოვარდნენ. უკრაინა ამჟამად იცავს ევროპისა და მთელი დემოკრატიული სამყაროს საზღვრებს რუსული აგრესიისგან. თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა თავიდან ავიცილოთ შესაძლო მსოფლიო ომის დაწყება, ჩვენ უნდა დავხუროთ ცა უკრაინის თავზე.  რუსეთი ნებისმიერ ქვეყანაში ომის დასაწყებად უხვად იყენებს ცრუ არგუმენტებს და საფუძველს ეძებს იქ, სადაც საერთოდ არ არსებობს," - განაცხადა სტეფანჩუკმა. ის მოუწოდებს დასავლეთის ქვეყნებს დაეხმარონ ამ ომის დასრულებას და ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობას.

დღის ამბები