29 ნოემბერი 2026,   22:21
ვრცლად
ბუნება მინიატურაში - ალექსანდრე მესხის ბონსაის ხეები

ბონსაი - ცოცხალი ხის მინიატიურულ ფორმაში გაზრდის ხელოვნება. მის შესაქმნელად მებაღეს შეუძლია ჩვეულებრივი ფიჭვის, ნეკერჩხლის ან ცაცხვის ნერგი აიღოს. წლების განმავლობაში ხეს ისე აყალიბებს, რომ პატარა ქოთანშიც დიდი ხის იერი ჰქონდეს. ამ შთაბეჭდილებას დეტალები ქმნის. შედეგი გასაოცარია, მაგრამ ამ შედეგის მიღწევამდე ჩვენი რეპორტაჟის გმირმა ალექსანდრე მესმხა დიდი გზა გაიარა. პროფესიით ინჟინერ-მშენებელმა პირველი ბონსაი საკუთარ აივანზე გაახარა, მოგვიანებით კი მინიატურული ხეების გაშენება სახლის სახურავზე გააგრძელა.

აქ დიდი ხეები პატარა სამყაროში ცხოვრობენ. ზოგს ქარისგან გადახრილი ტანი აქვს, ზოგს საუკუნოვანი ხის იერი. თითოეული განსხვავებული ფორმით, ხასიათითა და ისტორიით გამოირჩევა. ამ უჩვეულო ბაღში ალექსანდრე მესხი წლებია ბუნებასთან ერთად ქმნის ხელოვნებას, რომელსაც ბონსაი ჰქვია.

ბონსაის ფესვები საუკუნეების სიღრმეში მიდის. ჩინეთში დაბადებულმა ხელოვნებამ იაპონიაში განსაკუთრებული სახე მიიღო.

პატარა ჭურჭელში გაზრდილი ხე დროთა განმავლობაში ბუნებასთან ადამიანის ჰარმონიული თანაარსებობის სიმბოლოდ იქცა.

ბუნება ფორმებს თავად ქმნის, ოსტატი კი ცდილობს, მის ჩანაფიქრს მიყვეს. წლების განმავლობაში თითოეულ ტოტს სასურველ მიმართულებას აძლევს და პროპორციებს აკონტროლებს. თუმცა მთავარი ისაა, რომ ადამიანის ჩარევა შეუმჩნეველი დარჩეს. ხე ისე უნდა გამოიყურებოდეს, თითქოს მისი ყოველი მოხაზულობა თავად ბუნებამ შექმნა.

ზოგი ხე თითქოს ქვის გულიდან იბადება, ფესვები კლდეს ეჭიდება. ქვის სიმკაცრის და ხის სინაზის კონტრასტით საინტერესო სურათი იქმნება.

თითოეული ხე წლობით შრომასა და მოგონებებს ინახავს. აქ არაფერია ნაჩქარევი - მოხაზულობაში დროის კვალი იკითხება. მათ შორის, ერთ-ერთი განსაკუთრებული ზომითა და შთამბეჭდავი იერით გამოირჩევა.

ხე განაგრძობს ზრდას, იცვლის ფორმას და მუდმივ ზრუნვას მოითხოვს. ის, რაც ერთი შეხედვით დასრულებულ ნამუშევარს ჰგავს, სინამდვილეში ცოცხალი პროცესია. ალექსანდრე მესხის ბაღშიც თითოეული ბონსაის ისტორია ათწლეულებს ითვლის და ზოგჯერ ერთი ადამიანის სიცოცხლეზე დიდხანს გრძელდება.

ავტორი: ანა გიუნტერი

დღის ამბები