სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციის აქცია იყო მორიგი ლუსტრაცია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" და მასთან დაკავშირებულ პარტიებს ქვეყნის შიგნით მხარდამჭერები არ ჰყავთ. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების თქმით, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საზოგადოებისთვის ქვეყნის გარედან წახალისებული რევოლუციური სცენარები - პარლამენტის ბოიკოტი, შტურმი საკანონმდებლო ორგანოსა თუ პრეზიდენტის სასახლეზე, კატეგორიულად მიუღებელია.
მათივე თქმით, სწორად ამიტომ ვეღარ გამოჰყავს ოპოზიციას საკუთარი მხარდამჭერები თვეებით ადრე დაანონსებულ აქციაზეც.
"აბსოლუტურად არ აქვთ საზოგადოებისგან მხარდაჭერა და ეს იმიტომ, რომ ორ თვეზე მეტი ემზადებოდნენ ამ აქციისთვის და 7 000 ადამიანს ძლივს მოუყარეს თავი. აჩვენა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან უცხოურ დაფინანსებაზე, როგორც აგენტები.
თვალთმაქცობენ, რომ ცდილობენ რაღაცნაირად გამოეყონ მიხეილ სააკაშვილს, იმიტომ, რომ იციან, მიხეილ სააკაშვილი ქართული საზოგადოების თვალში ძალიან დაზიანებული არის და ეს ყალბი მცდელობა არის. სინამდვილეში მათი ლიდერი და მათი ბელადი არის მიხეილ სააკაშვილი. ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით ჩვენ და საზოგადოებამ იცის პირველ რიგში და აი, ეს რაღაც ხელოვნური გამიჯვნები მისგან არანაირად არ გამოუვათ", - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა.