რეგიონული ტურნე პრემიერ-მინისტრმა კახეთში გააგრძელა - დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა რეგიონებში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ხელისუფლების პრიორიტეტი ეკონომიკის განვითარება, ტურიზმი, დასაქმება და სიღარიბის შემცირებაა.
პრემიერმა დღე თბილისი-საგარეჯოს ავტობანზე 35 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების დათვალიერებით დაიწყო. საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებასთან ერთად, ჩქაროსნული მაგისტრალი თბილისიდან კახეთის მიმართულებით მგზავრობის დროს გაანახევრებს. კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას 2 მილიარდი ლარი მოხმარდება. რეგიონში რეაბილიტაციის ფარგლებში, ჯამში 61 მილიონი ლარის ღირებულების 18 პროექტი მიმდინარეობს, რაც 65 კილომეტრიანი გზისა და 1 ხიდის რეაბილიტაციას, ასევე 9 ნაპირსამაგრ პროექტს მოიცავს.
პრემიერი სოფელ მატანშიც ჩავიდა და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე ინფორმაცია მოისმინა. ირაკლი ღარიბაშვილი კულტურის სახლის რეაბილიტაციის პროცესსაც გაეცნო, სადაც სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. მთავრობაში განმარტავენ რომ წლების მანძილზე უფუნქციოდ მიტოვებული შენობის სრული რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 მილიონ 671 000 ლარით დაფინანსდა.
ახმეტაში დასრულების ფაზაშია ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიისა და მდინარე ორვილას ხიდის ურბანული განახლების სამუშაოებიც. რეაბილიტირდება 8 შენობა და 3 პარკი, რომელთა ჯამური ღირებულება 5 მილიონი ლარია. მიმდინარე სამუშაოები დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა. პრემიერი შინმოუსვლელთა სკვერისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალთანაც მივიდა, რომლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო ღირებულება 551 000 ლარია.
რეგიონული ტურნეს ფარგლებში პრემიერი თელავში ახლად რეაბილიტირებულ პროფესიულ კოლეჯ "პრესტიჟშიც" იმყოფებოდა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ადგილზე თანამედროვე სტანდარტების ტექნიკური ბაზა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად აღჭურვილი ლაბორატორიებია განთავსებული. სასწავლო შენობის სრული რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიონ 575 000 ლარი, ხოლო აღჭურვისთვის 715 000 ლარი დაიხარჯა.
თელავში სტუმრობის დროს ირაკლი ღარიბაშვილი რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესსაც გაეცნო, რომელიც "განახლებული რეგიონების" პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. ფაქტობრივად დასრულებულია ათზე მეტი შენობის აღდგენა, დაგეგმილია მიმდებარე საფეხმავლო ზოლისა და სკვერის რეაბილიტაცია. პროექტების ღირებულება 12 მილიონი ლარია.
რეგიონული ტურნეს ფარგლებში პრემიერი ველისციხეში თორნიკე ლომთაძის ღვინის მარანში იმყოფებოდა, რომელიც სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში დაფინანსდა. მეწარმემ მიკრო და მცირე საგრანტო პროგრამით მიღებული დაფინანსებით მარნისთვის სხვადასხვა საჭირო ინვენტარი შეიძინა, რითიც საოჯახო მეურნეობის გაფართოების შესაძლებლობა მიეცა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პროგრამა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა, გურჯაანის სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის ურბანული განახლება დაიწყო. სოფლის ცენტრალურ ნაწილში 60-მდე სახლის, ველისციხის თეატრის წინ მდებარე მოედნისა და ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია, აგრეთვე მიმდებარე პარკის კეთილმოწყობაა დაგეგმილი. სამუშაოები 2023 წლის ზაფხულში დასრულდება.
პრემიერი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყშიც იმყოფებოდა, სადაც "შეღავათიანი აგროკრედიტის" პროექტით მოსარგებლე ფერმერის მიერ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა და 5 ჰექტარზე გაშენებული ხილის ბაღი დაათვალიერა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 1 მილიონი ლარია, მათ შორის 330 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია.
დღის ბოლოს პრემიერი გურჯაანში ჩავიდა, სადაც ნონეშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო პროცესს გაეცნო. მთავრობის მეთაურს განხორციელებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა. გურჯაანში ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე 21 შენობისა და ე.წ. პაპასა და ბებოს ბაღების რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.
რეაბილიტაციის შემდეგ, გურჯაანის განახლებული პარკი ისტორიულ ფუნქციას დაიბრუნებს და კულტურული თუ სპორტული ღონისძიებების ჩატარების აქტიური სივრცე გახდება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურჯაანში, ახლად რეაბილიტირებული პარკის დათვალიერებისას განაცხადა. გურჯაანის პარკის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. რეაბილიტაცია ევროპის საინვესტიციო ბანკის 4 მილიონამდე ლარის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, "განახლებული რეგიონების" პროგრამის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში. 4 წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულებამ 500 მილიონი ლარი შეადგინა. პრემიერი სხვა რეგიონებშიც გეგმავს ჩასვლას.