დღეს კიდევ ერთი დაღუპული ქართველი მებრძოლი ერგნეთში, მშობლიურ სოფელში გადაასვენეს. ერთი კვირის წინ, რუსულ აგრესიას შეწირული არკადი კასრაძე საქართველოში გამთენიისას ჩამოასვენეს, რის შემდეგაც ქაშუეთის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
დაღუპული მეომრის ნათსავები ამბობენ, რომ არკადი კასრაძე უკრაინაში მოძმე ერის დაცვით, საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავდა. არკადი კასრაძეს, თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით სამხედრო პატივით, სამშაბათს დაკრძალავენ. მებრძოლი ოკუპანტების ტყვიას ლუჰანსკის ოლქის ქალაქ რუბეჟნოეში 16 აპრილს ემსხვერპლა. მასთან ერთად დაიღუპა კიდევ ორი ქართველი - ალიკა ცაავას და ზაზა ბიწაძეს სამშობლოში ხვალ დილით ვარშავა-თბილისის რეისით ჩამოასვენებენ.
უკრაინაში შეტაკებების დროს ერთი კვირის წინ დაიჭრა კიდევ ერთი ქართველი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ომის დაწყებიდან ამ დრომდე, უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას 9 ქართველი მებრძოლი შეეწირა, მათ შორის არის ბახვა ჩიქობავა, რომლის გადმოსვენებაც მარიუპოლიდან ამ დრომდე ვერ ხერხდება.