სენაკის რაიონულმა სასამართლო, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 5-ვე პირს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამით სრულად დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობასთან დაკავშირებით.
დაცვის მხარე 50 000 ლარიან გირაოს ითხოვდა. არც ერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. მათი უფლებადამცველები კი, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.
სენაკში, 24 აპრილს, ქალაქის ცენტრში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. გიორგი სიჭინავა ირწმუნება, რომ მას მოქალაქეებმა სხვადასხვა ტიპის ფიზიკური ზიანი მიაყენეს. პოლიციელზე ანგარიშსწორების შემდეგ, ბრალდებულები გაქცევას ცდილობდნენ, თუმცა ორი მათგანი თავად დაზარალებულმა პატრულმა დააკავა, დანარჩენი სამი პირი კი, სენაკის პოლიციამ აიყვანა.