საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე არსებულ დასკვნაზეც ისაუბრა. მისი თქმით, არსებობს გარკვეული მომენტები, რომელშიც ეს დასკვნა ბადებს კითხვებს, რასთან დაკავშირებითაც მიემართა სახალხო დამცველის აპარატს და სპეციალური პენიტენციალური სამსახური არგუმენტირებულ პასუხებს ელოდება.
რატი ბრეგაძემ ხაზი გაუსვა ერთ-ერთ საკითხს, როდესაც სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, გიორგი გრიგოლიამ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ისეთი ინფორმაცია გაავრცელა საჯაროდ, რაც თავად სახალხო დამცველის აპარატის მოთხოვნით არ უნდა გასაჯაროებულიყო.
"30 აპრილს , ტელეკომპანია "პირველის" ეთერში, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი გრიგოლიამ, გააჟღერა განსაკუთრებული ხასიათის პერსონალური ინფორმაცია, რაც ეხება სააკაშვილის სისხლში არსებულ ალბუმინის ოდენობას. გაჟღერებული ინფორმაცია, მკვეთრად განსხვავდება ანალიზებში მოცემული რეალობისგან, ეს ანალიზები ხელმისაწვდომი იყო ექსპერტთა ჯგუფისთვის. ბუნებრივია, სწორედ ამიტომ, არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები, დასკვნასთან დაკავშირებით, ეს იყო ერთ-ერთი საკითხი რაც ჩვენს მიერ გაგზავნილი იყო სახალხო დამცველთან.
საინტერესოა, რატომ მოხდა პერსონალური ინფორმაციის გაჟღერება სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრის მხრიდან, როდესაც პენიტენციურ სამსახურში გამოგზავნილ წერილში პირდაპირ იყო საუბარი იმაზე რომ დასკვნის ეს ნაწილი არ იყო საჯარო," - განაცხადა ბერგაძემ.