04 მაისი 2024,   21:44
ვრცლად
კიდევ 500 გადარჩენილი სიცოცხლე "აზოვსტალიდან" და მარიუპოლიდან - 2 თვიანი ჯოჯოხეთიდან თავი მშვიდობიანმა მოქალაქეებმა გაეროს დახმარებით დააღწიეს

"აზოვსტალიდან" მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია კიდევ უფრო საშიში ხდება. ე.წ. სიჩუმის პერიოდში რუსეთმა ცეცხლი გახსნა. ვრცელდება მძიმედ დაჭრილი აზოველების კადრები, რომლებსაც ბავშვები და ქალები ავტობუსებამდე უნდა მიეცილებინათ.

მეტალურგიულ კომბინატში, რომელზეც შტურმი ყოველ წუთს შეიძლება განახლდეს, კვლავ ათასობით ადამიანი რჩება. ეს მაშინ, როდესაც რამდენიმე დღეში ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა უკვე შეუძლებელი იქნება, რადგან "აზოვსტალში" კიდევ უფრო სასტიკი ბრძოლები დაიწყება. კიევი ადასტურებს, რომ მოსკოვი 9 მაისს მარიუპოლში ტყვეების აღლუმის ჩატარებას გეგმავს.

ასეთი რამ რუსეთს დონეცკში 2014 წელს უკვე გაკეთებული აქვს. მაშინ ოკუპირებული ქალაქის ქუჩებში პუტინმა უკრაინელი სამხედრო ტყვეები ჩაატარა. რუსულ გენერალიტეტს ახლა იგივე დავალება აქვს. ამიტომ, ერთი კვირაა ავიაცია, არტილერია, ჯავშანტექნიკა და ცოცხალი ძალა შტურმს შტურმზე ახორციელებს.

"აზოვსტალი" დგას, პოლკი არ ნებდება, თუმცა მარიუპოლის მცველები აღიარებენ, რომ ყოველდღე სულ უფრო ცოტანი რჩებიან.

"დაჭრილები აგონიაში, მედიკამენტების გარეშე, საშინელ პირობებში კვდებიან," - აცხადებს მედიკოსი "აზოვსტალიდან", რომელიც დახმარებისთვის უკვე თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს მიმართავს.

უკრაინამ "აზოვსტალის" საწარმოში მყოფი მებრძოლების ევაკუაციაში დახმარების თხოვნით ორგანიზაციას - "ექიმები საზღვრებს გარეშე" უკვე მიმართა.

"აზოვის" ბატალიონის მედიკოსს უკვე აღარც კი ახსოვს ომის მერამდენე დღეა, თუმცა დეტალურად აღწერს ქარხანაში არსებულ ვითარებას, რომელშიც ამ დღეების გატარება მოუწია.

"აზოვის" ბატალიონის მებრძოლები თავგანწირვით იბრძვიან და თავის გადარჩენას ცდილობენ, თუმცა პუტინი მათ ჩაბარებისკენ მოუწოდებს. აგრესორი ლიდერის თქმით, უკრაინამ უნდა უბრძანოს თავის მებრძოლებს, რომ დაყარონ იარაღი. კრემლი, სავარაუდოდ, ცდილობს მარიუპოლში გარკვეულ წინსვლას 9 მაისამდე მიაღწიოს, რათა მე-2 მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს სიმბოლური წარმატება აღნიშნოს.​

ვოლოდიმირ ზელენსკისთვის მარიუპოლი წითელი ხაზია. უკრაინის მე-6 პრეზიდენტი ამბობს, რომ თუ იქაურობას გაანადგურებენ, რუსეთთან დიპლომატიური მოლაპარაკებები ჩაიშლება.

გზა ომიდან მშვიდობამდე მათ ავტობუსებით გაიარეს. მიწასთან გასწორებული ქალაქიდან გამოღწევა დღეს კიდევ 500-მა ადამიანმა შეძლო, თუმცა აზოვსტალის საწარმოს გვირაბებში დარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის მაინც არაფერი შეცვლილა, ისინი უმძიმეს პირობებში არიან და ჰუმანიტარული კორიდორის გახსნას ამ დრომდე ელოდებიან. ავტომობილს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც ის აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე ავტომობილს, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები უნდა გამოეყვანა, ცეცხლი გაუხსნეს. დაბომბვის შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა 6 მებრძოლი.

დღის ამბები