26 აპრილი 2024,   00:47
ვრცლად
ვის ეჭირა ფიზიკური დაპირისპირებისას ხელში დანა - რამდენიმე თვის წინ, ასპინძაში მომხდარი მკვლელობის საქმე შესაძლოა თავდაყირა დადგეს

რამდენიმე თვის წინ, ასპინძაში მომხდარი მკვლელობის საქმე, შესაძლოა თავდაყირა დადგეს - 46 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული ნოდარ არაფხანიანი ამტკიცებს, რომ მკვლელობა მას არ ჩაუდენია და ამას რამდენიმე დღეში სამხარაულის ექსპერტიზაც დაადასტურებს.

რეალურად ვის ეჭირა ფიზიკური დაპირისპირებისას ხელში დანა? - "კურიერმა" დღეს ბრალდებულის ჩვენება მოიპოვა. არაფხანიანი, რომელიც უკვე მე-5 თვეა წინასწარ პატიმრობაშია, ვანო წითლანაძის მკვლელობაში მოკლულის შვილს ადანაშაულებს.

მკვლელობაში ბრალდებული შემთხვევას დეტალურად იხსენებს და ამბობს, რომ ჩხუბის დროს მას დანა წითლანაძის შვილმა მოუქნია, რომელიც შემთხვევით მამამისს მოხვდა, ფიზიკური დაპირისპირებისას დაიჭრა არაფხანიანის მეუღლეც. ახლა მთავარი სიტყვა ნაფიც მსაჯულებზეა, რომელთა შერჩევას სასამართლო 13 მაისს დაიწყებს.

მკვლელობის ბრალდებით სახლის მეპატრონე დააკავეს, თუმცა 5 თვის შემდეგ საქმეში ახალი დეტალები ჩნდება. "კურიერმა"  წინასწარ პატიმრობაში მყოფი ნოდარ არაფხანიანის ჩვენება მოიპოვა, სადაც ამტკიცებს, რომ მკვლელობა მას არ ჩაუდენია. ბრალდებული ხელს მოკლული მამაკაცის შვილს ადებს და ყვება, რომ დანებით შეიარაღებული პირები საკუთარ სახლში თავს დაესხნენ, თავად კი თავდამსხმელებს შიშველი ხელებით იგერიებდა.

მკვლელობას წინ ავტოსაგზაო შემთხვევა უძღოდა. ბრალდებულის მეუღლე ვანო წითლანაძის ავტომობილს დაეჯახა, რასაც ადგილზევე მოჰყვა შელაპარაკება, მოგვიანებით კი კონფლიქტი ბრალდებულ ნოდარ არაფხანიანის სახლში გაგრძელდა. ვანო წითლანაძე იქ შვილებთან ერთად მივიდა, რასაც ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. ბრალდებული ამტკიცებს, რომ წითლანაძეები მასთან დანებით შეიარაღებულები მივიდნენ.

ბრალდებებს უარყოფენ წითლანაძეების ოჯახში. კამერასთან არ ჩნდებიან, თუმცა პირად საუბარში მამის მკვლელობაში შვილის მონაწილეობას გამორიცხავენ. წითლანაძეების ადვოკატი კი "კურიერთან" ამბობს, რომ საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება ნოდარ არაფხანიანის ბრალეულობაზე მიუთითებს.

რა მოხდა რეალურად სოფელ ასპინძაში და ვინ მოკლა 46 წლის მამაკაცი? ამ კითხვას პასუხი ახლა სასამართლომ უნდა გასცეს. საქმეში მთავარი მტკიცებულება მკვლელობის იარაღია. ვის ეჭირა ხელში დანა? - ამ კითხვაზე პასუხი არ აქვთ არც მეზობლებს.

ბრალდებულის მოთხოვნით, გახმაურებული მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. მსაჯულების შერჩევის პროცესი 13 მაისს სასამართლოში დაიწყება.

დღის ამბები