15 ნოემბერი 2024,   23:51
ვრცლად
"მარიუპოლის ბარბაროსულ ალყაში, ათობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე შეიძლება იყოს დაღუპული" - ამერიკის ელჩი ეუთოში

უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულები, სამხედროების სისასტიკე, დაღუპული მოქალაქეები, გაუპატიურებული ქალები და მამაკაცები, დახოცილი ბავშვები, განადგურებული სამოქალაქო ინფრასტრუქტურა - უკრაინა მტკიცებულებების შეგროვებას განაგრძობს, უკრაინულ მხარესთან კი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო საზოგადოება. ჰელსინკის კომისიის შემდეგ, დღეს კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ეუთოში ამერიკის ელჩს მოუსმინა. 

ეუთოს ფაქტების მომძიებელმა მისიამ პირველ ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში სამხედრო დანაშაულებია ჩადენილი. ეუთოში ამერიკის ელჩმა, მაიკლ კარპენტერმა დღეს კომიტეტს უთხრა, რომ იმ პერიოდის შემდეგ, რომელსაც ანგარიში ფარავდა, უკრაინაში კიდევ მეტი სასტიკი ქმედება ჩაიდინეს. მან ჩამოუთვალა კონგრესმენებს რუსების მიერ ჩადენილი და ეუთოს მიერ დოკუმენტირებული სისასტიკის ფაქტები, რომლებიც სამხედრო დანაშაულის კატეგორიით შეიძლება დაკვალიფიცირდეს.

"რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკის მასშტაბი დრამატულად გაიზარდა. რუსეთმა მარიუპოლის განადგურების კამპანია გააგრძელა და თავდასხმა განაახლა უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში. მარიუპოლის ბარბაროსულ ალყაში, ათობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე შეიძლება იყოს დაღუპული. კიევის და ხარკივის მხარეების გათავისუფლებამ გამოავლინა სამოქალაქო პირთა მკვლელობების და სექსუალური ძალადობის მასობრივი შემთხვევები, ჩადენილი რუსეთის ძალების მიერ," - განაცხადა მაიკლ ქარფენთერმა.

დიპლომატმა, კონგრესის წევრებთან დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოსკოვი, დონეცკის და ლუჰანსკის ეგრეთწოდებული სახალხო რესპუბლიკების ანექსიას, უახლოეს კვირებში ან თვეებში გეგმავს.

"რუსეთის ომი უკრაინის იდენტობის და კულტურის ჩახშობის მცდელობაა. ჩანს, რომ მოსკოვი მომავალ კვირებში ან თვეებში გეგმავს, ე.წ. დონეცკის და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების ძალადობრივ ანექსიას და მსგავს ოპერაციას განიხილავს ხერსონის რეგიონშიც. მის კონტროლირებად მხარეებში, მოსკოვმა სკოლები რუსულ პროგრამაზე გადაიყვანა, მოხმარებაში რუბლი აქვს. ასევე დაიწყო ქალაქების, დაბების და სოფლების სახელების შეცვლა და უკრაინულიდან რუსულზე ცვლის ქუჩის აღმნიშვნელ ნიშნებსაც" - თქვა ქარფენთერმა.

მაიკლ ქარფენთერმა კონგრესმენებს უთხრა, რომ შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს ანგარიშვალდებულების ყველა საერთაშორისო მექანიზმს, იმის მიუხედავად, არის თუ არა ამერიკა მისი წევრი, მათ შორის ჰააგის სასამართლოს, რათა დამნაშავეთა პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

დღის ამბები