20 აპრილი 2024,   03:22
ვრცლად
"საჭიროა ინფორმაციული, დიპლომატიური და კულტურული ზეწოლა, თავისუფლებისთვის ბრძოლა შეიძლება დაეყრდნოს ხელოვნების ძალას" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"აზოვსტალიდან" ევაკუაციის მისია გრძელდება და მასში გავლენიანი საერთაშორისო მედიატორები მონაწილეობენ - უკრაინის პრეზიდენტმა ამის შესახებ ომის 83-ე დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სწორედ "აზოვსტალიდან" ევაკუაციის პროცესი იყო საფრანგეთის პრეზიდენტთან საუბრის ერთ-ერთი თემა. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ევაკუაციის პროცესს ზედამხედველობას უკრაინის ჯარი და დაზვერვა უწევს. ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში რამდენიმე რეგიონში რუსეთის სარაკეტო დარტყმებსა და მოსკოვზე სხვადასხვა სახის ზეწოლის აუცილებლობაზე ისაუბრა.

"83-ე დღე უკრაინაზე რუსული დარტყმების საკმაოდ ძლიერი კომბინაციით დაიწყო. ლვოვის, სუმის, ჩერნიგოვის რეგიონებში სარაკეტო დაბომბვით. საჰაერო დარტყმები იყო ლუჰანსკის რეგიონში. სპეციფიკური დივერსიული აქტივობა უკრაინის სასაზღვრო არეალში.

მათ არ შეუძლიათ წარმატების დემონსტრირება ზოგადი სამხედრო მოქმედებებით იმ ადგილებში, სადაც წინსვლას ცდილობენ. ამიტომ, ისინი ცდილობენ აჩვენონ წარმატება თავიანთი რაკეტებით და სხვა ქმედებებით. ასევე უშედეგოდ.

დღეს საკმაოდ პროდუქტიული საუბარი მქონდა გერმანიის კანცლერთან. უპირველეს ყოვლისა, უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერასა და ევროკავშირის დონეზე ჩვენს თანამშრომლობაზე.

საფრანგეთის პრეზიდენტთან კი განვიხილეთ სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელიც ევროკავშირში მზადდება. ასევე რუსეთთან მოლაპარაკების პროცესი და ჩვენი გმირების "აზოვსტალიდან" ევაკუაცია. ევაკუაციის მისია გრძელდება, მას ზედამხედველობს ჩვენი ჯარი და დაზვერვა. ჩართულები არიან ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო შუამავლები.

მე ვაგრძელებ უკრაინისთვის ყველაზე დიდი საერთაშორისო აუდიტორიის შეკრებას, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენს სახელმწიფოს ყველა დონეზე და რუსეთზე ყველა დონეზე მოვახდინოთ ზეწოლა.

საჭიროა ინფორმაციული, დიპლომატიური და კულტურული ზეწოლა. ასე რომ, როგორც მეორე მსოფლიო ომის დღეებში, თავისუფლებისთვის ბრძოლა შეიძლება დაეყრდნოს ხელოვნების ძალას," - განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები