20 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
გრიგორი კარასინის განცხადებით, ქართველ კოლეგებთან ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაგეგმილი "რეფერენდუმი" განიხილა - რუსული მედია

გრიგორი კარასინის განცხადებით, ქართველ კოლეგებთან ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაგეგმილი "რეფერენდუმი" განიხილა. რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის კომენტარი სააგენტო "ტასმა" გაავრცელა.

"მოკლედ ვისაუბრეთ, ეს არის ერთ-ერთი თემა, რომელიც აწუხებს ჩვენს ქართველ პარტნიორებს, ჩვენ ამას ყურადღებით ვაკვირდებით," - განუცხადა კარასინმა სააგენტოს.

კარასინთან საუბარს ზურაბ აბაშიძეც ადასტურებს, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ ჰქონდა მოკლე სატელეფონო საუბარი, თუმცა არ აზუსტებს ვინ იყო ამ საუბრის ინიციატორი.

აქვე აღსანიშნავია, რომ პრაღის ფორმატში მორიგი შეხვედრა დღის წესრიგში არ დგას - ზაფხულში დაგეგმილი შეხვედრა უკრაინის ომის გამო გადაიდო.

"რაც შეეხება ჩვენს სატელეფონო საუბარს, გააკეთა მოკლე კომენტარი ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით და თქვა, რომ მოსკოვში საქმის კურსში არიან ჩვენი უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ და ეს უყურადღებოდ არ რჩება მათი მხრიდან.

მან ასევე თქვა, რომ რეფერენდუმთან დაკავშირებით მოსკოვი არანაირ აქტიურობაში არ არის ჩართული.

რაც შეეხება პრაღის ფორმატში მორიგ შეხვედრას, ეს დღის წესრიგში ახლა არ დგას. ჩვენ ვთვლით, რომ ამის დრო არ არის. საავიაციო რეისების აღდგენის საკითხზე არ გვისაუბრია, არ განხილულა ეს საკითხი," - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

შეგახსენებთ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მოქმედმა პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა "რეფერენდუმი" რუსეთთან შეერთების შესახებ, 17 ივლისისთვის დანიშნა.

დღის ამბები