უკრაინაში, კიდევ ორი რუსი ჯარისკაცი გაასამართლეს. ორივე მათგანმა თავი დამნაშავედ სცნო - რუს ჯარისკაცებს, ალექსანდრ ბობიკინსა და ალექსანდრ ივანოვს უკრაინის ტერიტორიაზე დასახლებული პუნქტების "გრადის" ტიპის რაკეტებით დაბომბვას ედავებიან. მათ 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
21 წლის ვადიმ შიშიმარინს, 62 წლის უკრაინელი მოქალაქის მკვლელობას ედავებიან. მოქალაქე ველოსიპედით გადაადგილდებოდა. სხდომას მოკლულის ცოლი დაზარალებულის სტატუსით ესწრებოდა და მან ჩვენებაც მისცა. პროცესის დროს, 21 წლის რუსმა ჯარისკაცმა, დაღუპული უკრაინელის ცოლს მოუბოდიშა და სროლის მიზეზზეც ისაუბრა. როგორც ცნობილია, რუს ჯარისკაცს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
მოკლული უკრაინელი მოქალაქის ცოლმა, ეკატერინა შელიპავოიამ, პროცესზე თქვა, რომ ბრალდებული ჯარისკაცი ჩადენილის გამო მთელი ცხოვრების ციხეში გატარებას იმსახურებს, თუმცა მისივე თქმით, წინააღმდეგი არ იქნება თუ მას "აზოვსტალის" მცველებში გაცვლიან.
"მე გავშეშდი, როდესაც სროლა დასრულდა, ქუჩაში გამოვედი და ვნახე ჩემი ქმარი, ის უკვე მკვდარი იყო, ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი. ყვირილი დავიწყე და ამ დროს მეზობლებიც გამოვიდნენ. მესმის, რომ ის სამხედროა და რომ ის ასრულებს ბრძანებებს, მაგრამ რატომ არ გაისროლა მან მიწის ან ჰაერის მიმართულებით? ის ციხეში უნდა ჩაჯდეს და იქ მთელი ცხოვრება გაატაროს, იმის გამო რაც მან გააკეთა, მაგრამ თუ მას "აზოვსტალის" მცველებში გაგვიცვლიან, მე წინააღმდეგი არ ვიქნები”,- თქვა შელიპავოიამ.
ბრალდებული რუსი ჯარისკაცის, ვადიმ შიშიმარინის თქმით, მან იმის შემდეგ გაისროლა, როცა სხვა ჯარისკაცმა ამის გაკეთება მუქარის ტონით აიძულა, მტკიცებით, რომ ის მათ ღალატობდა.
"მე მესმის, რომ თქვენ ვერ მაპატიებთ, მაგრამ მე მაინც გთხოვთ პატიებას. ცეცხლის გახსნის ბრძანებაზე უარი ვთქვი. შემდეგ, სხვა ჯარისკაცმა მუქარის ტონით მიბრძანა სროლა, იმის მტკიცებით, რომ მე მათ ვღალატობდი. მე არ მინდოდა მისი მოკვლა, მე ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ჩემთვის თავი დაენებებინათ”,- თქვა შიშიმარინმა.
აღსანიშნავია, რომ დღეს უკრაინაში უკვე 3 რუსი სამხედროა გასამართლებული, სამივე მათგანი ბრალდებას ეთანხმება და თავს დამნაშავედ ცნობს.