5 თვის განმავლობაში, საქონლის სასაკლაოზე იძულებით დასაქმებული არასრულწლოვანი - 15 წლის ბიჭი სამუშაოდ თავისი სურვილით მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ კანონი კრძალავს, მეპატრონემ ის მაინც დაასაქმა და მძიმე სამუშაოს შესრულებას აიძულებდა, რაც სასაკლაოს ტერიტორიის დასუფთავება და ნარჩენების გატანა იყო.
კანონდარღვევით დასაქმებული არასრულწლოვნის შესახებ ჯერ პოლიციამ გაიგო, შემდეგ კი საქმეში შრომის ინსპექცია ჩაერთო. სასაკლაოს მეპატრონე არასრულწლოვნის ექსპლუატაციის გამო დააკავეს, თუმცა ის სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ორი თვის ვადაში, შრომის ინსპექცია სასაკლაოს, სადაც არასრულწლოვანს იძულებით ამუშავებდნენ, კიდევ ერთხელ შეამოწმებს. თუ ფაქტი განმეორდა, მეპატრონე გისოსებს მიღმა აღმოჩნდება.
იძულებით საქმიანობაში მეპატრონე არასრულწლოვანს ხელფასსაც კი არ უხდიდა. 5 თვის განმავლობაში, გაუსაძლის პირობებში ყოფნის გამო, მოზარდმა მუშაობის გაგრძელებაზე უარი თქვა, რის შემდეგაც დირექტორი მოზარდს ფიზიკურად გაუსწორდა. არასრულწლოვნის მიმართ ძალადობა დღეს "კურიერთან" ბიჭის ოჯახმაც დაადასტურა.
"კურიერი" დღეს კასპის იმ სასაკლაოზეც ჩავიდა, სადაც არასრულწლოვნის შრომითი უფლებები დაირღვა. კომპანიის ხელმძღვანელი ადგილზე არ დაგვხვდა, თანამშრომლებმა კი დაადასტურეს, რომ 15 წლის ბიჭს ფიზიკურად ნამდვილად ამუშავებდნენ.
შემთხვევა არაგეგმური შემოწმების შედეგად გამოვლინდა და ინსპექციამ ფაქტს იძულებითი შრომის კვალიფიკაცია მისცა. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით, აკრძალულია არასრულწლოვნის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამსახურში დასაქმება.
ფაქტზე უწყებამ კომპანია 10 000 ლარით დააჯარიმა.
ავტორი: სანდრო სანაია