საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა სამედიცინო სერვისის სრულფასოვნად და ხარისხიანად მიწოდების მიზნით, მცხეთა-მთიანეთის მხარის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სასწრაფო დახმარების რაიონულ სამსახურს ახალი, მაღალი გამავლობის რეანიმობილი გადასცა.
ევროსტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებული რეანიმობილით ნებისმიერი სიმძიმის პაციენტის ტრანსპორტირება იქნება შესაძლებელი.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, ასევე მცხეთა-მთიანეთის მხარის მოსახლეობისთვის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დროულად მიღება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, დაბა სტეფანწმინდის გადაუდებელი დახმარების რაიონული სამსახურში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კუტიბაშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ალუდა ღუდუშაური იმყოფებოდნენ.
ისინი ადგილზე გაეცნენ დაბა სტეფანწმინდის გადაუდებელი დახმარების სამსახურის თანამშრომელთა სამუშაო გარემოს. მათ პანდემიის მართვის პროცესში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადეს და პროფესიულ საქმიანობაში მხარდაჭერა და თანადგომა აღუთქვეს.
ღონისძიებას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.