გვიან ღამემდე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები დიდ დიღომში, ტარიელის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კომპანიაში. სამართალდამცველებმა ოფისიდან კომპიუტერული ტექნიკა და მეხსიერების ბარათები ამოიღეს. შენობა დალუქულია. უკვე გამოიკითხნენ კომპანიის თანამშრომლები.
ცნობილია, რომ საქმე ე.წ. ქოლ-ცენტრებს ეხება და გამოძიება თაღლითობის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა ოფიციალური განმარტებები ამ ეტაპზე არ გაკეთებულა.
კომპანიის დირექტორისა და ადვოკატის თქმით, ეს არის დეველოპერული კომპანია, რომელიც სხვადასხვა სახის აპლიკაციების შექმნაზე მუშაობს და მათ არანაირ "ქოლ-ცენტრებთან" კავშირი არ აქვთ.
"ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო, მოვიდნენ შემოწმებაზე, შემდეგ გვაცნობეს, რომ უნდა დაგვლუქონ. ვცდილობ მაქსიმალურად ვითანამშრომლო, რომ სწრაფად ჩაიაროს ყველაფერმა და დავუბრუნდე სამუშაოს. ხელშეკრულება ჩვეულებრივად მქონდა გაფორმებული," – ამბობს კომპანიის დირექტორი გიორგი ქარქაშაძე.
ადვოკატ ზაზა დათუკიშვილის განცხადებით კი, საგამოძიებო მოქმედებისა და ჩხრეკის შემდეგ ოფისი დაილუქა. უფლებადამცველის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი საქმეში მხოლოდ მოწმის სახით ფიგურირებს და შესაბამისად, მათ საქმის მასალები არ გადაცემიათ. ზაზა დათუკიშვილის განმარტებით, გამოძიება მიმდინარეობს იმ ფაქტზე, თითქოს შენობაში ფუნქციონირებს ე.წ. ქოლ-ცენტრი, რომელიც კომპანიის თანამშრომლებისთვის წარმოუდგენელია და ფიზიკურად მათ რაიმე მსგავსთან შეხება არ ჰქონიათ. რის საფუძველზე დაიწყო გამოძიება, ადვოკატს ინფორმაცია არ აქვს.