15 წლის მოზარდს მისივე თანატოლის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ბრალდების მხარე გაუგებრობას მალე აღიარებს და დაკავებულს გაათავისუფლებენ. არასრულწლოვანი თბილისში დააკავეს.
"ბრალდებულის პოზიცია არის, რომ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და სისხლის სამართლის დანაშაულთან არანაირი შემხებლობა არ აქვს," - ამბობს არასრულწლოვნის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ბრალდების მხარე დარწმუნდება, რომ მოზარდის დაკავება გაუგებრობა იყო.
74-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის ჩხუბი, ორი დღის წინ, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, ავტოფარეხში მოხდა. დაპირისპირებაში 20-მდე არასრულწლოვანი მონაწილებდა, დაჭრილია ერთი მოზარდი. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთული, თუმცა სტაბილურია.