15 ნოემბერი 2024,   16:59
ვრცლად
"უკრაინის ომმა ნატოს ერთიანობა უფრო გააძლიერა, რუსეთი ამას არ ელოდა" - ენტონი ბლინკენი

ენტონი ბლინკენმა იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღის ახალი პაკეტი არის ზუსტად ის, რაც მათ სჭირდებათ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თქმით, უკრაინის კონფლიქტმა ნატოს ერთიანობა უფრო გააძლიერა, რასაც, რუსეთი არ ელოდა. აშშ-ის პრეზინდეტის მიერ ახალი პაკეტის ავტორიზაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება თავის მხრივ ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინელებისგან მათ მიიღეს გარანტიები, რომ მიწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების გასანადგურებლად არ გამოიყენებენ.

"რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და არა პირიქით. მარტივად რომ ვთქვათ, ესკალაციის ასარიდებლად რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს აგრესია და ომი, რომელიც წამოიწყო. რაც შეეხება იარაღის სისტემებს, რომლებსაც მივაწვდით, უკრაინელებმა მოგვცეს გარანტიები, რომ არ გამოიყენებენ ამ სისტემებს რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების გასანადგურებლად. უკრაინასა და აშშ-ს შორის არის დიდი ნდობა, ისევე, როგორც ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან. ასევე, მინდა, ვთქვა, რომ ამ აგრესიის განმავლობაში და მანამდეც პრეზიდენტი ბაიდენი იყო მკაფიო პრეზიდენტ პუტინთან საუბრისას, რას გააკეთებდა აშშ, თუ რუსეთი განახორციელებდა აგრესიას, მათ შორის, რომ მიაწვდიდა უკრაინას თავდაცვის სისტემებს რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად. ეს არ იყო დამალული. ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც ვთქვით," - განაცხადა ბლინკენმა.

"ნატოს" გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, აშშ-ის ბოლოდროინდელი დახმარების პაკეტი, მათი ლიდერობის რეალური დემონსტრირებაა.

"ნება მიბოძეთ, შევაქო შეერთებული შტატები უკრაინისთვის გაწეული ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბრძოლის ველზე ყოველდღიურად. მე ასევე მივესალმები სამხედრო დახმარების ბოლოდროინდელ პაკეტს, რომელიც პრეზიდენტმა ბაიდენმა დღეს დილით გამოაცხადა. ეს არის აშშ-ის ლიდერობის რეალური დემონსტრირება. "ნატოსა" და მოკავშირეების მიერ უზრუნველყოფილი ძლიერი მხარდაჭერა გვეხმარება, უზრუნველვყოთ, რომ პრეზიდენტ პუტინის სასტიკი აგრესია არ წახალისდეს და რომ უკრაინამ გაიმარჯვოს," - აცხადებს სტოლტენბერგმა.

დღის ამბები