10 მაისი 2024,   14:12
ვრცლად
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატი მეექვსე დღეა ბლოკირებულია - საკითხის შესწავლა სახალხო დამცველმა დაიწყო

უნივერსიტეტის რექტორატი მეექვსე დღეა ბლოკირებულია. სტუდენტების ნაწილი, 109 - ე აუდიტორიის დატოვებას იმ დრომდე არ აპირებს, სანამ მათი ყველა პირობა არ დაკმაყოფილდება.

პროტესტის მონაწილეების მოთხოვნების დაკმაყოფილებას, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია არ აპირებს. დიალოგი ახალგაზრდებსა და რექტორს შორის მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ სტუდენტები 109 - ე აუდიტორიიდან გავლენ. საკითხის შესწავლა უკვე დაიწყო სახალხო დამცველმა. დღეს, ნინო ლომჯარია  ორივე დაპირისპირებულ მხარეს შეხვდა.

უკვე მეექვსე დღეა უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტი სტუდენტებს აქვთ დაკავებული. გიორგი შარვაშიძის სახელობითი აბრა, წარწერებმა გადაფარეს. ახლა ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი, ოთახში გეგმებზე მსჯელობს და სამოქმედო ნაბიჯებს განიხილავს.

ნინო ლომჯარიას სტუდენტები 1 საათის განმავლობაში უხსნიდნენ იმ დეტალებს, რის გამოც სასწავლებელში ცვლილებებია გასატარებელი.

პასუხების მიღებისა და უნივერსიტეტში არსებული სიტუაციის შეფასების შემდეგ, სახალხო დამცველმა ადმინისტრაციასა და განათლების სამინისტროს პრობლემის მოგვარების გზების მოძიებისკენ მოუწოდა. თავის მხრივ, ომბუდსმენმა მხარეებს შორის მედიატორის როლის შესრულებისა  და მოლაპარაკებებში ჩართვის მზადყოფნაც გამოთქვა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს რექტორის ოთახის დატოვებისკენ და მოლაპარაკების ფორმატზე გადასვლისკენ მოუწოდებს. თავის მხრივ, სტუდენტები გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებენ, არ ტოვებენ კაბინეტს და ძალაში რჩება მათი ოთხი მოთხოვნა, რომ გადადგეს რექტორი და შეიცვალოს მისი არჩევის წესი, დაიწყოს უნივერსიტეტის ბიუჯეტის აუდიტის პროცესი, აშენდეს საერთო საცხოვრებელი და შეიცვალოს ფინალური გამოცდების ჩატარების ფორმატი.

დღის ამბები