19 მაისი 2024,   11:59
ვრცლად
რუსეთის მთავარი სამიზნე კვლავ აღმოსავლეთია, სადაც ოკუპანტებს მნიშვნელოვანი წინსვლა არ აქვთ - ისინი სევეროდონეცკის აღებას ცდილობენ

სანამ უკრაინელი პოლიტიკოსები საქართველოს კრიტიკისთვის იცლიან, უკრაინელი სამხედროები პოზიციების შესანარჩუნებლად სისხლს ღვრიან. სიტუაცია ისევ უკიდურესად მძიმეა სევეროდონეცკში. ქალაქზე კონტროლის სრულად დამყარება რუსმა ჯარისკაცებმა ამ დრომდე ვერ მოახერხეს, ამიტომ სევეროდონეცკთან მდებარე სოფლებს წვავენ და მიწასთან ასწორებენ.

მძიმე მდგომარეობაა სუმის ოლქშიც, რომელსაც საოკუპაციო ძალებმა ღამე სარაკეტო დარტყმა მიაყენეს, დაიღუპა 4 და დაიჭრა 6 ადამიანი. რუსეთის ტერიტორიიდან ნასროლმა რაკეტამ გაანადგურა სუმში მდებარე სკოლაც. იგივე ბედს გაიზიარებდა საპორტო ქალაქი მიკოლაევიც, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვამ  ორი რუსული რაკეტის განეიტრალება შეძლო.

ომის პარალელურად, კიევი მოკავშირეებისგან სულ უფრო მეტ შეიარაღებას იღებს და მსოფლიო ლიდერებსაც მასპინძლობს. პუტინის ჯარისკაცების მიერ ჩადენილი სისასტიკე ირპენში დღეს საკუთარი თვალით იხილეს საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და რუმინეთის ლიდერებმა. სისასტიკე, რომელმაც 24 თებერვლიდან დღემდე ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 318 ბავშვია.

რუსეთის მთავარი სამიზნე კვლავ აღმოსავლეთია, სადაც ოკუპანტებს მნიშვნელოვანი წინსვლა არ აქვთ. ცდილობენ აიღონ სევეროდონეცკი - ლუჰანსკის ოლქის ადმინისტრაციული ერთეული, თუმცა მიზანს ვერ აღწევენ, ვინაიდან უკრაინელი სამხედროები წინააღმდეგობას უწევენ.​

სევეროდონეცკის ასაღებადაც ბრძოლა უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. ამ დროისთვის რუსული ძალები მის დიდ ნაწილს აკონტროლებენ. ოკუპანტების მიზანია წინ წაიწიონ ლისიჩანსკისკენ, რომელიც სევეროდონეცკთან ახლოს მდებარეობს, თუმცა, უკრაინელი სამხედროები ოკუპანტებს ლისიჩანსკისკენ წინსვლის საშუალებას არ აძლევენ.

რაც შეეხება სამრეწველო ზონას, სადაც ქიმიური ქარხანა "აზოტი" მდებარეობს და რომლის საცავებშიც უკრაინელი სამხედროების გარდა 100-ობით მშვიდობიანი პირი იმყოფება, გაერო-ს შეფასებით, ტერიტორიაზე ვითარება სულ უფრო სახიფათო ხდება. უკრაინული მხარეც ამტკიცებს, რომ იწურება სასმელი წყლისა და საკვების მარაგი, ასევე ჰიგიენური საშუალებები და მედიკამენტები. ქარხანა რუსულ ძალებს აქვთ ბლოკირებული.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, მდინარე სივერსკი დონეცის ყველა მთავარი ხიდი, რომელიც სევეროდონეცკსა და უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას აკავშირებს, ახლა დიდი ალბათობით, განადგურებულია. დაზვერვისვე ინფორმაციით, ვინაიდან, ხიდები განადგურებულია რუსეთის სამხედრო ძალებს მდინარის გადაკვეთა ან არსებულ პოზიციებზე წინსვლა მოუწევთ, რათა ტაქტიკური მოგება ოპერატიულ უპირატესობად აქციოს.

ვინაიდან რუსული ძალები ლისიჩანსკში შესვლა ვერ ახერხებენ, ქალაქს ოკუპანტები მუდმივად ბომბავენ. რუსულმა ძალებმა ლუჰანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკში ის შენობა დაბომბეს, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები თავს აფარებდნენ. ოკუპანტების საჰარეო იერიშების შედეგად, დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და 10-მდე გაიზარდა დაშავებულთა რიცხვი. ლუჰანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ამ დროისთვის, დანგრეული შენობების დემონტაჟი მიმდინარეობს.

რუსული ძალები უტევენ დონეცკის ოლქსაც. ქალაქ პოკროვსკსა და გრიშინოს დასახლებაზე მიიტანეს სარაკეტო იერიში რუსმა სამხედროებმა ბოლო 24 საათში. აფეთქებების ხმა ისმოდა სუმსა და მიკოლაევშიც.

მძიმეა ვითარება ოკუპირებულ ხერსონსა და ზაპოროჟიეს ოლქებში. რუსული გამოცემა Ria Novosti წერს, რომ
ოკუპირებულ ხერსონსა და ზაპოროჟიეს ოლქებში 24 თებერვლის შემდეგ დაბადებულებსა და ობოლ ბავშვებს რუსეთის მოქალაქეობას მიანიჭებენ. როგორც იცით ხერსონი მარტის შემდეგ არის რუსული არმიის მიერ ოკუპირებული.

დღეს უკრაინაში ჩავიდნენ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი. მათ კიევის ოლქის ქალაქი ირპენი მოინახულეს. ქვეყნების ლიდერები რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებების ადგილზე მივიდნენ. გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის და რუმინეთის ლიდერები შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმერ ზელენსკის.

შეხვედრების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ქვეყნების ლიდერებმა თქვეს, რომ მხარს უჭერენ უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის დაუყონებლივ სტატუსს.

ავტორი: ავთო გვასალია

დღის ამბები