სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე, ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ ტოყაევმა, განაცხადა, რომ ყაზახეთი არ ცნობს ლუჰანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობას. სხდომაში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობდა.
ტოყაევმა RT-ის მთავარი რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის კითხვას უპასუხა.
სეპარატისტულ რესპუბლიკებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ გაეროს წესდების ორი ძირითადი პრინციპი - ერთა თვითგამორკვევის უფლება და სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობა - ერთმანეთს დაუპირისპირდა.
"გამოთვალეს, რომ თუ ერთა თვითგამორკვევის უფლება მთელ მსოფლიოში განხორციელდება, მაშინ დედამიწაზე 193 სახელმწიფოს ნაცვლად 500-600-ზე მეტი სახელმწიფო წარმოიქმნება. ეს იქნება ქაოსი. ამის გამო ჩვენ არც ტაივანს, არც კოსოვოს, არც სამხრეთ ოსეთს და არც აფხაზეთს არ ვაღიარებთ. ეს პრინციპი გავრცელდება კვაზისახელმწიფოებრივ ტერიტორიებზეც, რომლებიც, ჩვენი აზრით, არის ლუჰანსკი და დონეცკი", - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.