19 მაისი 2024,   13:09
ვრცლად
"ბაგების საერთო საცხოვრებელი არის მიუღებელი, ღირსების შემლახველი, ვითხოვთ ეს თემა მოგვარდეს" - თსუ-ის სტუდენტები ადმინისტრაციას ხვდებიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტი გრძელდება. სტუდენტების ერთ ჯგუფს ადმინისტრაცია უკვე შეხვდა, მეორე ნაწილთან კი მოლაპარაკება დაახლოებით ერთ საათში დაიწყება.

განხილვის მთავარი თემა დღეს საერთო საცხოვრებლებია. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომლის მოგვარებასაც სტუდენტები ითხოვენ.

"7 საათზე ველოდებით რექტორის მოსვლას, უნდა განვიხილოთ საერთო საცხოვრებლის თემა. არსებობს ლისის საცხოვრებელი, რომელიც არც თუ ისე ნორმალურ პირობებშია. ჩვენი მოძრაობა ვიმყოფებოდით იქ, რექტორიც იყო იქ და რაც შევათვალიერეთ, მისაღებია, მაგრამ ბაგების საერთო საცხოვრებელი არის კატასტროფულად მიუღებელი, ღირსების შემლახველი და ვითხოვთ, რომ სახელმწიფო ჩაერთოს ამ პროცესში, რადგან ერთხელ და სამუდამოდ თსუ-ში და, ზოგადად, საქართველოში მოგვარდეს საერთო საცხოვრებლის თემა," - განაცხადა "სტუდენტი ბრძოლა განათლებისთვის" წევრმა კონსტანტინე კაპანაძემ.

უნივერსიტეტის კანცლერი ლაშა საღინაძე კი ამბობს, რომ მიმდინარეობს მუშაობა, რომ უნივერსიტეტს ჰქონდეს ახალი საერთო საცხოვრებელი და სწორედ ამ საკითხზე გაიმართება დღევანდელი შეხვედრა.  

აღსანიშნავია, რომ უკვე მეათე დღეა, მათი ნაწილი რექტორის კაბინეტშია გამაგრებული.

 

ავტორი: სანდრო სანაია

დღის ამბები