21 აგვისტო 2026,   14:45
ვრცლად
პიჯაკი 45, შარვალი და ქვედაბოლო 25 ლარი - სასკოლო ფორმების გაყიდვა პირველ სექტემბერს დაიწყება

სკოლებში ახალი სასწავლო წლის სამზადისი მალე დაიწყება. თუმცა წლევანდელი წელი განსხვავებულია.

ბრუნდება სასკოლო ფორმები, რომელსაც პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლე მოირგებს. სასწავლო დაწესებულებებში ფორმები უკვე შეიტანეს. ყუთებში შეფუთული ტანსაცმელი სარეალიზაციო პუნქტებიდან მოსწავლეებთან მოხვდება. მისი შეძენა მშობლებს 1-14 სექტემბრის ჩათვლით შეეძლებათ.

საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში, სკოლების გარდა, დამატებით მინიმუმ თითო პუნქტი გაიხსნება. მოსწავლეებს ფორმების ადგილზე მოსინჯვა და შეძენა შეეძლებათ. სასკოლო ფორმების ყიდვა შესაძლებელი იქნება ონლაინ პლატფორმაზეც. სასკოლო პიჯაკის ღირებულება 45 ლარით განისაზღვრა. შარვლისა და ქვედაბოლოს შეძენის შემთხვევაში მშობელს 25 ლარის გადახდა მოუწევს.

ვიდრე სასკოლო ფორმები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან საქართველოში ჩამოვიდოდა, შემოწმების რამდენიმე ეტაპი გაიარა. ლაბორატორიული კვლევები მსოფლიოში აკრედიტებულმა ცნობილმა შვეიცარიულმა კომპანიამ ჩაატარა და შედეგები დასკვნაში ასახა.

ახალი სასწავლო წლიდან სასკოლო ფორმებს უფასოდ მიიღებენ სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახები. ფორმები უსასყიდლოდ გადაეცემათ იმ მოსწავლეებს, რომლებიც მინდობით აღზრდის პროგრამით სარგებლობენ. სასკოლო ფორმებში თანხის გადახდა არ მოუწევთ იმ უკრაინელ ბავშვებს, რომლებიც საომარი მოქმედებების გამო, უკრაინის ნაცვლად საქართველოში საჯარო სკოლებში სწავლობენ.

2026-27 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ფორმების ტარება სავალდებულო ხდება. გადაწყვეტილება ზოგადი განათლების რეფორმის პროცესში მიიღეს. მთავარი მიზანი - თანასწორობის პრინციპის დაცვა, მოწესრიგებული აკადემიური გარემოს შექმნა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაა.

სასკოლო ფორმების ყველა მოდელმა წარმატებით გაიარა ლაბორატორიული ტესტირება. ფორმა უსაფრთხოა, მასალა კი გამძლე და პრაქტიკული.

კვლევა ჩაატარა საერთაშორისო შვეიცარიულმა კომპანიამ, რომელიც 2 500 ლაბორატორიას აერთიანებს.

ფორმა უსასყიდლოდ გადაეცემა იმ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-ზე ნაკლებია, ასევე უკრაინელ ბავშვებს, რომლებიც საქართველოში სწავლობენ.

პირველკლასელებისთვის ფორმების შეძენა 1-14 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. მეორე-მესამე კლასის მოსწავლეებისთვის ფორმების მიწოდება მეორე ეტაპზე, ხოლო მეოთხე-მეხუთე-მეექვსე კლასის მოსწავლეებისთვის მესამე ეტაპზე, ოქტომბრიდან დეკემბრამდე განხორციელდება.

დღის ამბები