რუსული აგრესიის 123-ე დღე და კიდევ ერთი ოკუპირებული ქალაქი უკრაინაში - სევეროდონეცკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალაქი სრულად რუსების ოკუპაციის ქვეშაა. ადილობრივი ხელისუფლება განადგურებულ ქალაქზე საუბრობს, სადაც ხალხის გადარჩენისთვის პირობები არ არის.
გარდა ამისა, საწარმოს ტერიტორიის დატოვება დაიწყეს ქარხანა "აზოტის" თავშესაფრებში მყოფმა ადამიანებმაც, თუმცა მათი ევაკუაცია მხოლოდ რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიებისკენ არის შესაძლებელი.
"რუსი ოკუპანტები განაგრძობენ სარაკეტო დარტყმებს უკრაინის სამხედრო და კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ხარკივის მიმართულებით, მტერი ახორციელებს სარაკეტო იერიშებს. დონეცკის მიმართულებით ოკუპანტები თავდაცვის ძალების ნაწილების ალყაში მოქცევას ცდილობენ. სამხრეთ ბაგის მიმართულებით ჩვენმა სამხედროებმა მტრის პოზიციებზე იერიშები მიიტანეს. შავ და აზოვის ზღვებში მტრის გემების ჯგუფის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში სამოქალაქო გემების დაბლოკვაზე. "კალიბრის" ტიპის საზღვაო საკრუიზო რაკეტების ორი მატარებელი მზად არის შავ ზღვაში სარაკეტო იარაღის გამოსაყენებლად. ჩვენი ქვედანაყოფები გარკვეულ რაიონებში სარაკეტო და საარტილერიო იერიშების წარმატებით ახორციელებენ," - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის პრესცენტრის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტუპუნმა.