ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა მიიღო. ნუნუ მიცკევიჩმა სიტყვით გამოსვლისას უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და მეცნიერებს საგრანტო ოფისის გახსნა მიულოცა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
მინისტრის მოადგილის თქმით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგრანტო ოფისების დაფუძნების უმთავრესი მიზანია ქართველ მკვლევართა ჯგუფების ხელშეწყობა კონკურენტუნარიანი საპროექტო განაცხადების მომზადების პროცესში, რაც ევროკავშირის საგრანტო კონკურსებში მათ წარმატებულ მონაწილეობას შეუწყობს ხელს.
საგრანტო ოფისის საზეიმო გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა სამუშიამ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, Horizon Europe-ის საგრანტო ოფისის კოორდინატორმა შოთა როდინაძემ და უნივერსიტეტის აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა.